ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ბოლო ორი დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს.
როგორც გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს.
პოლიტოლოგის თქმითვე, „თუ დონალდ ტრამპმა თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც რეალური გახდეს“.
„მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს.
ამისთვის ორი მიზეზი მაქვს:
1. ახლა ევროპა აბარებს საკუთარი როლის და ფუნქციის გაძლიერებისთვის სერიოზულ გამოცდას, რისი წარმატების შანსი ვფიქრობ საკმაოდ მაღალია. უბრალოდ, სხვა გზა აღარ რჩებათ.
2. ამერიკული დემოკრატიაც აბარებს არანაკლებ სერიოზულ გამოცდას.
აშშ-ში უამრავი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორი არსებობს, რომელიც სავარაუდოდ ამუშავდება და რომლის გადალახვაც ტრამპს გაუჭირდება.
მას სერიოზული, პრაქტიკულად გადაულახავი წინააღმდეგობა ელოდება არა მხოლოდ ინსტიტუტებისგან, არამედ საკუთარი პარტიიდანაც და მაღალი ალბათობით, თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც რეალური გახდეს.