უკვე ორი დღეა, დიდთოვლობით დაზარალებულ რეგიონებში, თბილისიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩასული მოხალისეები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მისვლას და მათთვის საკვების, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების მიტანას ცდილობენ.
არაერთმა მოხალისემ უკვე შეძლო თოვლის გამო ჩამონგრეულ სახლში შესვლა, თოვლით დაფარული სახლებიდან მოქალაქეების გამოყვანა, ასევე მნიშვნელოვანი ნივთების მათთან მიტანა.
ერთ-ერთი ასეთი სასიხარულო ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილიც:
„გამთენიას თბილისიდან გურიაში მაშველად წასული 3 ბიჭი მაღალმთიანი გურიის ერთ სოფელში შევიდა. ყელამდე თოვლში 11 საათი ფეხით იარეს, ნახევრად ჩამონგრეულ სახლში ფრთხილად შევიდნენ და საბნებში გახვეული 70 წლამდე ქალი იპოვეს.
შევშინდითო, ვიფიქრეთ ვერ მივუსწარითო.
ყველაზე გაბედულმა, ფრთხილად შევეხე მხარზე და თვალები რომ გაახილა, ეგეთი ბედნიერები არასდროს ვყოფილვართო.
ჩემმა დისშვილმა გამოგგზავნათ ალბათ ბიჭებოო, უკითხავს გამოფხიზლებულ ქალს. ერთადერთი დისშვილი მყავსო, თბილისში ცხოვრობსო, „საპატრულო მილიციაში“ მუშაობსო!
საკვები და წამლები დაუტოვეს, სახლი გადაუთოვლეს და შემდეგი სოფლისკენ მიდიან ამ წამს.
რეზო, შეგხვდება ეს პოსტი აუცილებლად და გახსოვდეს, დეიდაშენი რომ გადაარჩინა იმ ხალხის სახლის კარზე აბრახუნებ 5000 ლარიანი ქვითრის ჩასაბარებლად!
P.S. ჯამში 25 000 ლარის ჯარიმის ქვითრები აქვთ ბიჭებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
გამთენიას თბილისიდან გურიაში მაშველად წასული 3 ბიჭი მაღალმთიანი გურიის ერთ სოფელში შევიდა. ყელამდე თოვლში 11 საათი ფეხით…
Posted by Giga Makarashvili on ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025