11 ნოემბერს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტFM“ სტუმარი გიორგი კეკელიძე გახლდათ, რომელმაც თავის ახალ წიგნზე „კუპატას თავგადასავალი“ ისაუბრა.
გიორგი, გვესაუბრე შენს ახალ წიგნზე – „კუპატას თავგადასავალი“.
ეს არის სრულიად ლეგენდარული ძაღლის, კუპატას თავგადასავალი, რომელიც ზღაპრად ვაქციე და ცხადია, უმეტესი ნაწილი გამონაგონია. ამ ტექსტს არ აქვს განსაზღვრული მკითხველის ასაკი. რეალურად, ჩაფიქრებულია, როგორც ტექსტი, რომელსაც, ალბათ, ძალიან პატარა ბავშვის გარდა, ყველა წაიკითხავს და ექნება ის ემოცია, რა განზრახულობაც მე მქონდა და აივსება ემპათიით ცოცხალი არსებებისადმი, ადამიანებისადმი და ა.შ.
ბუნებრივია, არ ვადარებ ტექსტებს, მაგრამ თავისი სპეციფიკით ცოტათი „პატარა პრინცს“ უახლოვდება. წიგნი ჩემს პატარა შვილს, კეკეს მივუძღვენი და ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა ამ წიგნზე მუშაობა. რეაქციები, რომლებიც მკითხველებისგან მომდის, აღმავსებს იმედით, რომ შედეგს მივაღწიე. წიგნი სამი დღეა, რაც წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა და უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს.

გაქვს არაერთი პროფესია, ძალიან ბევრი ნამუშევარი, ჯილდოები, ოჯახი, ხარ მუდამ აქტიური, როგორ ახერხებ დროის მენეჯმენტს?
ძალიან რთულია, მაგრამ მივეჩვიე. ჩემი ცხოვრების გრაფიკი იმთავითვე გულისხმობდა ამგვარ ჩართულობას, ეს კარგიც არის ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის, რადგან რაც უფრო მეტად დაკავებული ვიქნები, უფრო ნაკლები დრო მექნება ობსესიური ფიქრებისთვის.
ახლა, აღვადგინეთ ელექტრონული ბიბლიოთეკა, lit.ge, რომელიც საგანმანათლებლო პლატფორმად იქცა. ემიგრანტებს ვასწავლით ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას. ამავდროულად, ვაგრძელებ მუშაობას „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებაში“, უკვე 2500-ე სოფელს ვუახლოვდებით, სადაც ბიბლიოთეკას გავხსნით. საზღვარგარეთაც, დაახლოებით, 100-მდე ადგილას უკვე გავხსენით ბიბლიოთეკა. ძალიან მალე, დეკემბერში, სამხრეთ კორეაში გაიხსნება პირველი ქართული ბიბლიოთეკა.
