“გირაოს არგადახდა ეს არ არის დანაშაული და გირაოს არგადახდის გამპო პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ ადამიანი მოხვდეს საპატიმროში.” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა ცოტა ხნის წინ, პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
იოსელიანმა იმუნიუტეტზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი არსი დაცვაა, რომლის პრივილეგიაც აქვს პარლამენტის წევრებს:
“ჩვენ პარლამენტარებს გვაქვს ეს პრივილეგია. იმუნიტეტის არსი არის ის, რომ დაცული იყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური რისკი, რომელსაც ჩვენ, პოლიტიკოსები ავიღებთ. ჩათვალეთ, რომ ეს არგადახდა არის ნიკა მელიას პროტესტის ფორმა და თუ პოლიტიკური პროტესტის ფორმა არის დაცული იმუნიტეტით, მაშინ რატომ უხსნით იმუნიტეტს.” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, პარლამენტი არ შეიძლება იყოს პროკურატურის გაგრძელება და მას ინსტიტუციურად შეუძლია თქვას არა და დაელოდოს იმ საქმეს, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს.
იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ დღეს პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს, რომ არ არის პროკურატურის გაგრძელება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის კომიტეტებმა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.