ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის განცხადებით, სასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.
როგორც სხდომის დაწყებამდე გია კალანდაძემ აღნიშნა, დღეს მისი ბრალდებული შვილიშვილი სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლებს.
გრიგორიადისის ბაბუას სურს, რომ ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ
„მოლოდინის მხრივ შემიძლია გითხრათ, გულით მინდა, რომ ლაზარე დღეს გირაოთი მაინც გაათავისუფლონ, მაგრამ თვითონ სასამართლო, რას იტყვის, ამაზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორ აქვთ ზემოდან დავალება მიღებული. არ მაქვს ობიექტურობის იმედი“, – განაცხადა გია კალანდაძემ.
დასმულ კითხვაზე კი, აქვს თუ არა ნანახი კადრები, რომლის საფუძველზეც ლაზარე გრიგორიადისს დანაშაულის ჩადენას ედავებიან, ბრალდებულის ბაბუამ უპასუხა, გარკვეული კადრები ნანახი აქვს და იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინც ვიდეო კადრებში ჩანს, შესაძლოა, ლაზარე გრიგორიადისი არ იყოს:
„დარწმუნებული ვარ, ლაზარეს დაკავება გახდა ჯაჭვის უმთავრესი რგოლი, რომელმაც მოსამართლეების სანქცირება გამოიწვია, მამი, მალე თავისუფალი იქნები“ - ლაზარე გრიგორიადისის მამა
„ცოტაც გაუძელი.. რატომღაც მგონია, აწი შეგეშინდებათ მოსამართლეებს, რომ მიკერძოებული მოსამართლეები იყოთ,“ - წერს ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში.
„არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება.“ – განაცხადა ბრალდებულის ბაბუამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიდისის საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება. სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში ბრალდებულის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ლაზარე გრიგორიადისი 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.