მე კითხვა მაქვს, ანტიამერიკული აღარ არის ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თანამდებობის პირების ლანძღვა?! – ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები?! აი, როგორ შეტრიალდა დრო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი სწორედ იმას ამბობენ, რასაც „ხალხის ძალა“ გასული 2-3 წლის განმავლობაში საკუთარ განცხადებებში წერდა.
„ჩვენ, საქართველო, როგორც წესი, პრაგმატულ პოლიტიკას ვაწარმოებდით და არასდროს არ გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ ან ამერიკის სახელმწიფოს და მით უმეტეს, ხალხის, ან ევროპის სახელმწიფოების და მით უმეტეს, საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ჩვენ ყველგან დაფიქსირებული გვაქვს. ჩვენ ვიყავით იმ „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომი პარტიის“ წინააღმდეგ, რომელსაც ვებრძოდით, იმიტომ რომ ისინი გვებრძოდნენ ჩვენ. ახლა გავიხსენოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, თავად პრეზიდენტის სიტყვები. რას ამბობენ ისინი?! სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვწერდით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ წერილებში და კომენტარებში, რომ იგივე „დიფ სთეითი“ იბრძვის სხვა ქვეყნებში, ერევა პოლიტიკაში და უნდა ომები და არა მშვიდობა. ეს უკვე დადასტურდა ამერიკელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან და ახლა კითხვა მაქვს მე, როდესაც ტრამპს ლანძღავენ, აგინებენ, კრიტიკაზე აღარ ვსაუბრობ, ეს ანტიამერიკული განცხადებები არ არის?! როდესაც ჩვენ ძალიან მოკრძალებულად ვამბობდით, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი იქნებოდა თუ პრეს-მდივანი, როცა საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებდა ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი და ამაზე გვეკითხებოდნენ ეს ანტიამერიკული ხომ არისო? ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი პირველი სახელმწიფო არის ამერიკა და მის პრეზიდენტზე და სახელმწიფო მდივანზე თუნდაც კრიტიკას რომ გამოთქვამო, ეს ხომ არის ანტიამერიკულიო და ახლა მე კითხვა მაქვს, ანტიამერიკული აღარ არის ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თანამდებობის პირების ლანძღვა?! თუ როგორ არის ახლა ეს?! ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები?! აი, როგორ შეტრიალდა დრო,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.