„მგონი, მეტი არაფერი აღარ დარჩათ გარდა იმისა, რომ საქართველოს რაკეტა მოუშვირონ. ამის გარდა ყველაფერი გააკეთეს უკვე. თუ თავს საქართველოს მეგობრად მიიჩნევ, ასეთი ენით არ უნდა საუბრობდე, თან იმ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელიც ამერიკაში და საფრანგეთშია და კანონმდებელს ეუბნები, რომ მას და მის ოჯახს კანონის მიღებისთვის დაასანქცირებ“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელების დაანონსებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე საუბრის დროს, მაჭარაშვილმა თქვა, რომ „ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება, მინიმუმ, არასერიოზულს ხდის სანქციებს ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია”.
„მაშინ, გავაუქმოთ საქართველოს პარლამენტი, რაში გვჭირდება, თუ მაინც ის კანონი უნდა მივიღოთ, რასაც ამერიკა იტყვის და ის კანონი არ უნდა მივიღოთ, რასაც ის არ გვეტყვის? ოჯახის წევრების დასანქცირებასა და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ და ახლა ამერიკის მხრიდან არის არა მხოლოდ კანონმდებლებზე, არამედ ოჯახის წევრების ბულინგი და დასანქცირება.
მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? ერთადერთი, რაკეტის მოშვერა დარჩათ, დანარჩენი ყველა მეთოდი აქვთ გამოყენებული. გვეუბნება: „თქვენ სუვერენიტეტი არ გჭირდებათ“, „გამოუშვეს ხალხი, ვინც გვილანძღა ოჯახი და მართლმადიდებლობა“, გვეუბნება: „კანონმდებლებს დაგისანქცირებთ“, „ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა, თქვენ – არა“, ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოს? გეუბნება, ოჯახებიანად დაგასანქცირებ. ამაზე მეტი, ომის გამოცხადების გარდა არაფერი დარჩა..
როდესაც ამ სანქციებს მათრახივით იქნევ აქეთ-იქით, ეს, მინიმუმ, არასერიოზულობაა. როდესაც ხედავ, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ საფრანგეთი იღებს ამ კანონს, ამერიკას აქვს, კანადაში აქვთ, სერბეთი და თურქეთი იღებენ და შენ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით გაქვს ასეთი ტიპის მუქარები, ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას, როგორც ვასალს, ისე აღგვიქვამ.
ეს საქართველოს საზოგადოებისთვის წითელი ხაზია. იმისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ, ჩვენ მიგვეღო კანონები და მოსკოვში არ დაწერილიყო. ახლა იმისთვის ვიბრძოლოთ, რომ ჩვენ არ დავწეროთ და ბრიუსელმა დაწეროს? ეს ხომ აბსურდია. ჩვენ გვინდა, რომ აქ დაიწეროს ქართული კანონი და თანაც ისეთი, რომელიც უფრო ლოიალურია, ვიდრე ამერიკაშია. ბლინკენის განცხადება, რომ ეს კანონი თურმე კრემლის სახელმძღვანელოდან არის აღებული, გამოდის, რომ ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს, რადგან ეს კანონი ამერიკული „ფარას“ პრინციპების საფუძველზე, უფრო ლოიალურად დავწერეთ”,- თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.