LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „როცა საჯარო მოხელე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს არ არის არც პოლიტიკური და არც არაპოლიტიკური საკითხი – ამის კლასიკური მაგალითია აშშ-ს პრეზიდენტი და აშშ-ს საზოგადოება“

142
გურამ მაჭარაშვილი

„როდესაც საჯარო მოხელე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს არ არის არც პოლიტიკური და არც არაპოლიტიკური საკითხი – ვერ დაგეთანხმებით, რომ საჯარო მოხელეს აქვს უფლება, გამოვიდეს და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთოს!“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ხალხის ძალის წევრი გამოეხმაურა პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილია ცენტრის ლიკვიდაცია და პარლამენტიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომელთაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს:

მაჭარაშვილის თქმით, რეორგანიზაციის დეტალების თაობაზე ის ინფორმირებული არ არის, „მაგრამ ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდება“.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

ცენტრის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი და კოლეგების უფლებების დასაცავად.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, როცა საჯარო მოხელე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს არ არის არც პოლიტიკური და არც არაპოლიტიკური საკითხი. ამის კლასიკური მაგალითია აშშ-ს პრეზიდენტი და აშშ-ს საზოგადოება. ტრამპმა უკვე მოაწერა ბრძანებას ხელი და დეპარტამენტის უფროსებით დაწყებული საშუალო მენეჯმენტით დასრულებული, ვინც კი Deep State-ის არასწორ გადაწყვეტილებებს ემსახურებოდა, ყველა გაათავისუფლა. იმას მეტყვით, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ანტიდემოკრატიულია და ტრამპი დემოკრატიას ებრძვის?!

პარლამენტის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით ინფორმაცია არა მაქვს. ეს არის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ კითხვები დაისვა არა მხოლოდ პარლამენტის აპარატში, არამედ სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციაზე. არავინ, არავითარი პოლიტიკური მიზნების გამო, სამსახურიდან არ თავისუფლდება. იწყება რეორგანიზაციის პროცესი. სხვადასხვა უწყებაში ეს სხვადასხვა ფორმით მოხდება. სამართლებრივი მხარე დაცულია, მაგრამ მითხარით, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანება არის არადემოკრატიული!

გისამძიმრებთ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ისეთი პრეზიდენტი აირჩია, ვინც ამბობს, რომ უნდა მშვიდობა, უნდა ეროვნული დროშა და არა ლგბტ დროშა, რასაც თქვენ ასე უჭერთ მხარს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა დასაქმებულ პირებს აცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ.

როგორც პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრის ხუთი თანამშრომლის საჯარო აქტიურობას ეფუძნება, რომელთაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აღნიშნულს საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ დაწყებულ რეპრესიებად და შიშის დანერგვის მცდელობად აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g