ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას. შესაბამისი განცხადება სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა.
საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქართველმა ხალხმაც ნათელი გახადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.
ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს “უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, რომლებიც ასევე საქართველოში მოქმედებენ, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.