LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი მაქვს, მაყურებელი შეიყვარებს, ძალიან კარგი, ნამდვილი ქალაქური ჟანრის სიმღერაა… ჩვენი პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის ლექსია…“ – თამრიკო მეჭიაური და ლუდა დონდუა სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

265
თამრიკო-მეჭიაური

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ თამრიკო მეჭიაური და ლუდა დონდუა სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „თბილისის დილა“ და „მთვრალი ყაყაჩო“ პრემიერა შედგა.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და როგორ შეიქმნა სიმღერა „თბილისის დილა“?

თამრიკო მეჭიაური: ერთმანეთი 3-4 წლის წინ გავიცანით. სხვადასხვა კონცერტებზე, ღონისძიებებზე, დაჯილდოებებზე გადავიკვეთეთ და ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. შემდეგ, ნელ-ნელა თანამშრომლობის იდეა წამოვიდა.

ლუდა დონდუა: თამრიკო უსაყვარლესი ქალბატონია. ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს სტუდიაში და სწორედ იქ დაიბადა ამ სიმღერის იდეა. თამრიკომ მითხრა, ძალიან ლამაზი ხმის ტემბრი გაქვს და არ გიცდია ესტრადა, ქალაქური სიმღერები რომ შეასრულოო, ვუთხარი, როგორ არა, ძალიან მინდა, ჩვენს ქალაქზე, თბილისზე, გემრიელი სიმღერა ვიმღერო, შიგნით ყველაფერი რომ არის ნახსენები, კინტოებიც, მტკვარიც-მეთქი.

თამრიკო მეჭიაური: სტუდიაში იყო ქალბატონი ნინო უძილაურიც და ლუდას უთხრა, ახლავე დაგიწერ ლექსსო და უცებ, სპონტანურად ძალიან ლამაზი ლექსი შეიქმნა. წამოვიღე, ვიმუშავე ამ ლექსზე და შემდეგ, როგორც შეპირებულები ვიყავით, ლუდას შევთავაზეთ. სიმღერა პირადად ლუდასთვის შეიქმნა. ნამუშევარი ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა, მას ეკუთვნის არანჟირებაც.

ლუდა დონდუა: ნინომ გულით და სულით დაწერა ტექსტი, ყველაფერი ჩადო შიგნით.

თამრიკო მეჭიაური: კიდევ გვაქვს რაღაც მონახაზები, რომლებიც თანამშრომლობის საწინდარი შეიძლება გახდეს. ძალიან მიადვილდება და მსიამოვნებს ლუდასთან თანამშრომლობა.

თამრიკო, მოგვიყევით სიმღერაზე „მთვრალი ყაყაჩო“.

თამრიკო მეჭიაური: „მთვრალი ყაყაჩო“ უდიდესი პოეტის, ჩვენი პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის ლექსია, რომელიც ომარ ხაიამს მიუძღვნა. მუსიკის ავტორი კომპოზიტორი, ლალი ზადიკაშვილი გახლავთ. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა. იმედი მაქვს, მაყურებელი შეიყვარებს, ძალიან კარგი, ნამდვილი ქალაქური ჟანრის სიმღერაა.

ლუდა დონდუა – თბილისის დილა

თამრიკო მეჭიაური – მთვრალი ყაყაჩო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

თამრიკო მეჭიაური & ლუდა დონდუა – რა დაგიშავე. Live

თამრიკო მეჭიაური & ლუდა დონდუა. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები