საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომლის თანახმად, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „არის აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრი, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას“.
„იმედი გვაქვს, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილია გერმანიასთან გვექნება მაქსიმალური მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში. იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ შორის, მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს.
ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულები გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, ვფიქრობთ, ურთიერთობებში პროგრესი გვექნება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო.