LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „გვაქვს პროდასავლური ხედვა, ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, იმედი მაქვს, საბოლოოდ საქართველოს საკითხზე პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“ 

117
ირაკლი კობახიძე (6)

„ჩვენ გვაქვს პროდასავლური ხედვა და ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ეს არის ძალიან სტრატეგიული და ძალიან მკაფიო მიზანი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მოუწევს თუ არა საქართველოს მთავრობას რთული არჩევანის გაკეთება ევროკავშირთან, რუსეთთან, ჩინეთთან, შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირებს შორის, კობახიძე ამბობს, რომ „არ მგონია რაიმე განსაკუთრებული არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს“:

„არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს. ჩვენ გვაქვს პროდასავლური ხედვა და ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს ძალიან სტრატეგიული და ძალიან მკაფიო მიზანია. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს საქართველოს როლი აღმოსავლეთთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ამჟამად, ხედავთ, რომ ევროკავშირი უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო, ახლა კი მხოლოდ 17.5 პროცენტია. ასე რომ, ხედავთ, რამდენად მწვავეა ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირისთვის.

2021 წლიდან კი ევროკავშირს არ აქვს წვდომა რუსეთის ბაზარზე, რომელიც ევროკავშირისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ბაზარი იყო, მათ ასევე დაკარგეს წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირი უნდა შეეცადოს, გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა აღმოსავლეთთან, აზიის ბაზართან და საქართველოს შეუძლია ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროკავშირისთვის. ამგვარად, არა მხოლოდ საქართველოს შეუძლია მიიღოს სარგებელი ევროკავშირში გაწევრიანებით, არამედ, მე მჯერა, რომ ევროკავშირსაც შეუძლია, მიიღოს სარგებელი საქართველოს წევრობით კავშირში. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ მიღებული იქნება პრაგმატული გადაწყვეტილებები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g