იტალიაში, ვენეციის რეგიონში, ექიმებმა ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი ოფიციალური შემთხვევა დააფიქსირეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგონა სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც მისი ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად AI ჩატბოტებთან ურთიერთობაზე გახდა დამოკიდებული.
ახალგაზრდა ქალი საათობით ესაუბრებოდა ხელოვნურ ინტელექტს, თანდათან კი რეალურ სოციალურ ურთიერთობებს თითქმის სრულად გაემიჯნა. ოჯახის წევრების თქმით, ის ადამიანებთან კონტაქტს თავს არიდებდა, თავისუფალ დროს ძირითადად ჩატბოტებთან ატარებდა და ემოციურ მხარდაჭერასაც მათგან იღებდა.
ექიმების შეფასებით, პრობლემა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც გოგონამ AI-სთან კომუნიკაცია ყოველდღიური ემოციური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო. სპეციალისტების თქმით, მსგავსი პლატფორმები მომხმარებლებში მიჯაჭვულობის განცდას აჩენს, რადგან ალგორითმები მუდმივად პასუხობენ, „უსმენენ“ ადამიანს და მასთან პერსონალიზებულ ურთიერთობას ქმნიან.

იტალიელი ფსიქოლოგები და ნარკოლოგები აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა შესაძლოა ახალი ტიპის დამოკიდებულების ფორმირების დასაწყისი იყოს. მათი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიმართ გადაჭარბებული ემოციური დამოკიდებულება გარკვეულწილად ჰგავს სოციალურ ქსელებზე ან ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულებას, თუმცა AI-ს შემთხვევაში კავშირი უფრო პერსონალურ და ემოციურ ფორმას იღებს.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში შესაძლოა გახშირდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ციფრულ გარემოში. სწორედ ამიტომ, იტალიაში უკვე განიხილავენ, საჭიროა თუ არა AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური რისკების ახალი სამედიცინო კლასიფიკაცია და სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება.