„ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი, თავზარდამცემი ამბავი იყო ყველასთვის, ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძე ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„მოგეხსენებათ, რომ თორნიკე რიჟვაძე გვიან ღამით შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე ჩაუტარდა. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა.
შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე აქ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები არის სახეზე. რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიების ჩატარება, სამედიცინო თვალსაზრისით.
ლევან რატიანი: „მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე“
„გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ – ჰემორაგიული შოკის კლინიკა.“
რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკლებლივ ყველაფერი უკეთდება თორნიკე რიჟვაძეს. ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი შეიძლება ასე იყოს. ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა.
პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის და განსაკუთრებული დაკვირვების. განსაკუთრებული მკურნალობაა აუცილებელი იმისთვის, რომ რისკი, რომელიც ზოგადად არსებობს, იქნას განეიტრალებული. შესაბამისად, მოხდეს ზრუნვა ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე“. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე, რამდენი ჭრილობა აქვს თორნიკე რიჟვაძეს მიყენებული, მინისტრის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარემს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
„ერთი ჭრილობაა. საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ეს ცეცხლსასროლი ჭრილობა. ამჟამად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად ინტენსიურად ხორციელდებოდეს ჯანმრთელობის მეთვალყურეობა და რელევანტური მოქმედებები ხორციელდებოდეს, რაც რეალურად უაზრუნველყოფილია.
რაც შეეხება წერილს, მე ამაზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ. გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის, რომ მის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი. ეს არის ერთადერთი, რაც ამ წუთას შემიძლია გითხრათ. რასაკვირველია, ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება და შესაბამისად ამის თაობაზე საზოგადოება, კანონმდებლლობით დადგენილი წესით, სრულად ინფორმირებული“. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების თქმით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
⭕⬇ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის – ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday 7 July 2025