დედაქალაქის მერია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამუკა კვჭანტირაძეზე და მისთვის გაწეულ დახმარებაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
როგორც პოსტში ვკითხულობთ, მამუკა ლიფტის არ არსებობის გამო უკვე წლებია სახლიდან არ გასულა. მერიამ სპეციალურად მისთვის, საცხოვრებელი ბინის აივანთან, შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტი დაამონტაჯა.
ამიერიდან, მას მონატრებული ქალაქის დათვალიერების და სოციუმში მეტად ინტეგრირიების საშუალება ექნება.
მამუკა სიახლეს, რომელმაც შეიძლება ითქვას მისი ცხოვრება შეცვალა, სიხარულით შეხვდა.
“ეს ისანია, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N37-ე კორპუსი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, თავისი ყოფითი პრობლემებით და ყოველდღიური საზრუნავით. როგორც ყველა შენობას, მასაც იქ მცხოვრები ადამიანების სახელი ჰქვია.
ჩვენთვის ეს მამუკას კორპუსია.
მამუკა კვაჭანტირაძე 48 წლისაა. იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, დაავადებულია სპინალური ამოტროფიით. მამუკა რამდენიმე წელია ქუჩაში არ გამოსულა, რადგან ეტლით მოსარგებლეა და მის ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ლიფტი არ გააჩნდა. დღემდე ყველა საჭირო კვლევა, ანალიზი, ექიმის მომსახურება მას სახლში უტარდებოდა, რაც ოჯახისთვის დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
სპეციალისტებმა კორპუსის შიდა პერიმეტრი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ლიფტის მონტაჟი ტექნიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ გამოსავალი მაინც მოიძებნა-ისნის რაიონის გამგეობამ შეისყიდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიფტი, რომელიც კორპუსის ფასადზე, მამუკას საცხოვრებელი ბინის აივანთან დამონტაჟდა და პირადად მას მოემსახურება.
როდესაც ლიფტით სარგებლობის დატესტვა შევთავაზეთ, მივხვდით, რას ნიშნავს მისთვის საკუთარ ქალაქში დაბრუნება. აინტერესებს ყველაფერი- როგორ შეიცვალა თბილისი, რა სიახლეებია, რამდენად ადაპტირებულია ქალაქი.
დღეიდან მამუკა ქალაქში გასვლას შეძლებს, ჩვენ ისევე ვღელავთ, როგორც ის.
ეს ისანია, რაიონი, სადაც ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვა აძლიერებთ,”- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.