საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული აცხადებს, რომ თხოვნის მიუხედავად, მიმდინარე ომის დროს, უკრაინას საქართველოს მთავრობისგან იარაღის, საბრძოლო მასალის და ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია.
ანდრეი კასიანოვმა ამის შესახებ უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია“.
„სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვაში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა – არ გადარჩენაზე, სიცოცხლისა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.
ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან, რუსეთის ფედერაციისგან.
ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით..
ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა შესაძლებლობით, მოიშორა და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა გამოყენების ზღვარს უახლოვდება და მათი უტილიზაციისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვდა. ამაზე ხაზს უსვამს ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი გამოსვლების დროს.
მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მოგვაწოდა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩამოვაგდოთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი და ირანული დრონები“, – აღნიშნა კასიანოვმა ბრიფინგზე.
ანდრეი კასიანოვი: შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით