LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა – კალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

102
Untitled design - 2022-02-08T140517.834

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” მიერ, უკანონო მშენებლობების საკითხზე დაბარებული ვიცე-მერი საკრებულოში არ გამოცხადდა, ეხმაურება და აცხადებს, რომ ირაკლი ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებაზე, რომ ერთი მხრივ, ბულდოზერებით უნგრევენ ყველაზე შეჭირვებულ მოქალაქეებს ერთსართულიან შენობებს და მეორე მხრივ, ქალაქში ვერ ხედავენ მაღალ შენობებს, რომლებიც უკანონოდ არის აშენებული, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს არის მორიგი ტყუილი და აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებულ ყველა უკანონო მშენებლობას მოჰყვა სათანადო რეაგირება.

„ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან ბევრჯერ მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას” ცხვირ-პირში ამ ტყუილისთვის. ამას გადავწყვეტ მე. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ პროექტს, რომელიც უკანონოდ ხორციელდება, რომ მას არ მოჰყოლოდა შესაბამისი რეაგირება, მუნიციპალიტეტის მხრიდან.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, პირადად მე ვარ ის მერი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება და უკანონო მშენებლობები გაიყვანა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ამაზე იყო ძალიან მცირე ჯარიმები, რომელიც არანაირ შესაძლებლობას არ იძლეოდა იმისა, რომ უკანონო მშენებლობები შეჩერებულიყო, ამიტომ ადამიანს უღირდა 3000-დან 12 000-მდე ლარის გადახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 50 000-მდე გავაძვირეთ ჯარიმები, მაინც ვერანაირად ვერაფერი მოვუხერხეთ, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დანაშაული უკანონო მშენებლობაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უკანონო მშენებლობები.

მე მინდა, განვმარტო ერთი რამ, ეს სპეკულაციები და სიცრუე, რაც ხდება, როდესაც ხდება სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობის განხორციელება, ვითომ უსახლკაროები რომ აკეთებენ, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ პირდაპირ იმოქმედოს და განახორციელოს ამ მშენებარე ობიექტების დემონტაჟი. როდესაც კერძო საკუთრებაზე მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, მუნიციპალიტეტს არანაირი უფლება არ გააჩნია კანონით, რომ შევიდეს და განახორციელოს სადემონტაჟო სამუშაოები. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, იმოქმედოს კანონის ფარგლებში, გამოწეროს ჯარიმები და შემდეგ ეს ყველაფერი გადასცეს აღსრულების ბიუროს”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, ფრაქციის სხდომაზე, უკანონო მშენებლობების საკითხზე ვიცე-მერი და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი დაიბარეს, რომლებიც არ გამოცხადდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები