„დავბრუნდი სახლში. ის სუპერ ოპერაცია ვერ გამიკეთეს. ამიტომ პალატიდან ვერ მოგწერეთ, როგორც შეგპირდით. მაპატიეთ“, – ამის შესახებ პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს.
პოლიტიკოსი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გულახდილად წერს და ამბობს, რომ „ბოლო თვეების განმავლობაში რაღაც მომენტში ოპტიმიზმი დაკარგა, მაგრამ ახლა მძიმე დღეები წარსულს ჩაბარდა“.
„ხუთი ოპერაცია დამჭირდა გართულებების გამო. აზროვნება მიჭირდა და სიცოცხლის მეშინოდა. ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. დეტალების დაწერის მართლა მეშინია, ვერ გიზიარებთ. სრულად გაქრა მაშინ ჩემი ოპტიმიზმი. თითქოს გამტეხა იმ ტანჯვამ და დაუსრულებელმა საოპერაციო სივრცემ და პალატამ. მთელი თვე მხოლოდ ცას ვუყურებდი საწოლიდან და გამოსამშვიდობებელ ტექსტებზე ვფიქრობდი. ასე იყო მთელი ივლისი. მაგრამ…
ეს ჩვენს ხელში არაა! ჩაგხედავს თვალებში შვილი, ძალაგამოცლილ ხელს ჩაიხუტებს პატარა ძმის შვილი, გაგიბრაზდება ძმა, მოგეფერება მისი ცოლი, ხელებდაკაპიწებული ჩამოფრინდება და ნიუ-იორკიდან დასახმარებლად, სიურპრიზად თავზე დაგადგებიან საუკეთესო დაქალები, უამრავი ადამიანი მოგიკითხავს და სიყვარულს გამოგიგზავნის და…რა მოხდება? ბედნიერიებისგან აცრემლებული თვალები და სადღაც მიჩქმალული იმედი ისევ ამოანათებს. და მუხლების კანკალით, მაგრამ მაინც გადადგამ პირველ ნაბიჯებს. თავიდან ისწავლი სიარულს. გეტკინება და მაინც გაიღიმებ ან კარგად შეიგინებ და განაგრძობ ბრძოლას!
გადავრჩი, დავბრუნდი და ვაგრძელებ ქიმიოთერაპიას. თქვენი ყველას გულშემატკივრობით, გამოგზავნილი ენერგიით და სიყვარულით გაძლიერებული ვუბრუნდები ბრძოლას, ამ ომს, რომელიც გახანგრძლივდა, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით! არ ვარ მე მარტო და ამიტო ვიმარჯვებ“, – წერს ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში.
დავბრუნდი სახლში. ის სუპერ ოპერაცია ვერ გამიკეთეს. ამიტომ პალატიდან ვერ მოგწერეთ, როგორც შეგპირდით. მაპატიეთ🙏🥰 ხუთი…
Posted by Khatuna Samnidze on ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2025