„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყველა იმ პირს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ცდილობს, საქართველოში ომის გაჩაღება სურს. როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველიც „ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილია“.
„თუ ვინმეს სურს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება რაიმე ფორმით, თუნდაც სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანა და ა.შ. ყველას უნდა ერთადერთი რამ, ომის გაჩაღება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დასმულ კითხვაზე, უნდა თუ არა სახალხო დამცველსაც ომი უნდა საქართველოში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უპასუხა, რომ სახალხო დამცველიც იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ომის პარტია ჰქვია და ბუნებრივია, ისიც ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილია.
კობახიძე IRI-ის კვლევაზე: შეადარეთ ჩვენი სახეები გუბაზ სანიკიძის და სალომე სამადაშვილის სახეებს
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.
მედიკოსების შეფასებით, სახეზეა „ცილოვანი შიმშილი“, კუნთის მასის მკვეთრი შემცირება. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.
