„ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის უტყუარი ფაქტი, რასაც დამიდასტურებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ვითარება ადგილზე აქვს ნანახი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, შოვის სტიქიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამაზე საუბრობდა შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეს უკავშირდება სტიქიის სპეციფიკას:
„თვითონ ღამის ხედვის აპარატურა, გამოყენებული იქნა მყისიერად და შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება. რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული და ამას განმარტავდა შინაგან საქმეა მინისტრი.
არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია.
ვისაც უნახავს ადგილზე ეს ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა აბსოლუტურად დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი – ერთი მარტივი მიზეზის გამო: იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, აქედან გამომდინარე, ვინც, სამწუხაროდ, მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი…
იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი.
შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ, აქ საუბარია წუთებზე ხომ?“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.