LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კორონავირუსმა 25 დღე საწოლს მიგვაჯაჭვა” – საფრანგეთში მცხოვრები ქართველი

172
IMG-5261

სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი, marika chaffinch ავრცელებს სტატუსს იმკს შესახებ, თუ როგორ გადაიტანეს მან და მისმა მეუღლემ კორონავირუსი. როგორც მარიკა აღნიშნავს, მათ ვირუსი მეორედაც შეუბრუნდათ და მთლიანობაში მას 25 დღის განმავლობაში ებრძოდნენ.

გთავაზობთ სტატუსს:

“მე კოვიდ 19-ით ინფიცირებული ვარ.

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი 16 მარტს, კვირას გამოცხადდა.

ჩემი საყვარელი ადამიანი ავად ამავე საღამოს, ანუ ორშაბათს გახდა.
მე-სამშაბათს.

ერთი წამითაც არ გვიფიქრია, რომ კოვიდ 19-ის ვირუსი შეგვხვდა, რადგან მხოლოდ ცხვირიდან მცირე გამონადენმა და ყელის ოდნავ ტკივილმა შეგვაწუხა.
რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჯანჯაფილის, თაფლისა და ლიმნის ჩაის სმა.

მონატრებულ სახლში ყოფნით გამოწვეული ბედნიერებით მედგრად გავაგრძელე მუშაობა და სამშაბათს 10-საათიანი სამუშაო დღის დასასრულს იმედიანად დავიძინეთ.

შუაღამის სამი საათისკენ, ჩემი მეუღლე გულის წუთში 145-ჯერ ცემამ გააღვიძა.

დავრეკეთ სასწრაფოში.

წაიყვანეს, წაიყვანეს ამერიკულ ფილმებში უკვე ნანახი, კომბონიზონებსა და ნიღბებში გამოწყობილმა ექიმებმა.

14 საათის შემდეგ გამოუშვეს სახლში, რადგან ცხვირში გაკეთებულმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი კოვიდ 19-ის ინფექციაზე.

საღამოს ჩემს მეუღლეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ტესტი არ არის სანდო და რომ უნდა დავრჩეთ დაკვირვების ქვეშ.

პარასკევს ვკარგავთ გემოსა და სუნის შეგრძნებას, თავს ვაძალებთ, რომ ვიკვებოთ, შხაპს ვიღებთ დამჯდარი, რადგან არ შეგვიძლია ფეხზე დგომა, გვაქვს პულსის, სხეულის ტემპერატურისა და წნევის რადიკალური და ხშირი ცვალებადობა, კეფისა და საფეთქლების გაუყუჩებელი ტკივილი, გვიჭირს სუნთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ძალებს მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვისა და კვებისთვის ვიყენებთ, ვგრძნობთ ექტრემალურ დაღლას. დაღლილობისგან ვეღარ ვახერხებ საუბარს. ერთი გურული წყევლაა “შენ მოგეცა ტანის ტკივილი”. ჰოდა, ახლა მესმის ამ წყევლის არსი, რადგან ყრუდ, ძლიერ გტკივა მთელი ტანი…

ვუკავშირდებით ექიმს და გვეუბნება, რომ საავადმყოფოში ვერ წაგვიყვანენ, რადგან არ ვახველებთ და არ გვაქვს სუნთქვის მკვეთრი გაძნელება.

საავადმყოფოების რესურსი ვერ უძლებს პაციენტების ამხელა ტალღას, რაც სიკვდილიანობას კიდევ უფრო ზრდის.

გვარეგისტრირებენ სპეციალურ აპლიკაციაში, სადაც შეგვყავს მონაცემები ყოველ საათში და ამის მეშვეობით ჩვენს ავადმყოფობას თვალ-ყურს ადევნებს ექიმი, გვირეკავს დღეში რამდენჯერმე.

ექიმი გვინიშნავს იმუნიტეტის გასაძლიერებელ ვიტამინების კომპლექსს. ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები გრძელდება 10 დღის მანძილზე და ავად გახდომიდან ორი კვირის თავზე ვხდებით უკეთ, მაგრამ კარგად გახდომით გამოწვეული ბედნიერება მხოლოდ ორ დღეს გრძელდება, იქამდე, სანამ მონოპოლის თამაშის დროს ჩემს მეუღლეს მომენტალურად ულურჯდება კიდურები, პულსი აღწევს 159-ს და შიშით შეპყრობილი ვრეკავ სასწრაფოში.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ გვაქვს ვირუსის “მეორე ტალღა”, რაც გულისხმობს იმას, რომ კიდევ რამდენიმე დღე ვიქნებით ავად.

ექიმი გვიხსნის, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ვირუსის გრიპული ფორმა შეგვხვდა და ჩვენმა იმუნურმა სისტემამ ვირუსს არ მისცა უფლება, ფილტვებში დაბუდებულიყო.

გვინიშნავენ მარსელის პროტოკოლით გათვალისწინებულ ანტიბიოტიკით მკურნალობას და რამდენიმე დღეში ვდგებით ფეხზე.

საღ გონებაზე დაბრუნების შემდეგ ჩემს მეუღლეს აზრად მოსდის პლაზმის გაცემა, რაც ექიმებს დაეხმარება ვირუსის წინააღმდეგ ჩატარებულ კვლევებში და ჩვენ მიერ გამომუშავებული ანტისხეულებით რამდენიმე პაციენტის გადარჩენაში.

მაინტერესებს, რა გჭირდება იმის გასაგებად, რომ ეს ვირუსი მართლაც საშიშია? თუ ჩვენ ადვილი ფორმა შეგვხდა და 25 დღის მანძილზე საწოლს მიგვაჯაჭვა, მაშინ რას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებსაც ვირუსი რთულ ფორმაში აქვთ?..

სადამდე მოვიგონებთ შეთქმულების თეორიებს ვირუსის შექმნის და გავრცელების შესახებ?

რატომ არასოდეს ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ, უბრალო ადამიანები და რატომ გვჭირდება მუდმივად უჩინარი მტრის ხატის შექმნა?

თუ უბრალოდ სახლში დარჩენით სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია, რატომ არ ვიჩენთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას?

მოკლედ, რა ხალხი ვართ, ვერ გამიგია…

და ახლა შენ, რომელიც ამ სტატუსს კითხულობ, სანამ დაიწყებ გაუთავებელ “კრიტიკას” მთავრობის, ამერიკის, ჩინეთის, ზოგიერთი კულტურის, ეკლესიის, ღმერთის, მასონების და ა.შ. და ა.შ., შენ, ინდივიდი, დამოუკიდებელი ადამიანი, შენს წილ რომელ საქმეს აკეთებ?

ადამიანი საქმით იცნობა და არა სიტყვით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g