აუქციონზე Bring a Trailer უჩვეულო „სუპერქარი“ გაიყიდა – Lamborghini Aventador SV სულ რაღაც 50 500 დოლარად. თუმცა რეალურად საქმე ავტომობილს არ ეხება, ეს არის ორადგილიანი კატერი, რომელიც იტალიური სუპერქარის სტილშია შექმნილი.
ლოტი წარმოადგენს მოდელს Watersports Car Series L, რომლის კორპუსიც მინის ბოჭკოსგანაა დამზადებული და ვიზუალურად მაქსიმალურად ჰგავს Aventador-ს. დეტალურად არის გადმოცემული წინა ნაწილის დიზაინი, განათებები, აეროდინამიკური ელემენტები და უკანა სპოილერიც კი. კატერს იმიტირებული „ბორბლები“ და გვერდითი სარკეებიც აქვს.
მიუხედავად გარეგნობისა, ტექნიკურად ეს სრულფასოვანი ნავია. მას ამოძრავებს Yamaha-ს წყალჭავლური სისტემა, რომელიც აღჭურვილია 1.8 ლიტრიანი, 250 ცხენის ძალის მქონე ოთხ ცილინდრიანი ძრავით. კატერს შეუძლია როგორც წინ, ისე უკანა სვლით გადაადგილება.

ნავი ასევე აღჭურვილია სპორტული სავარძლებით, აუდიოსისტემით Yamaha Connext (დინამიკებით JBL), და უსაფრთხოების ელემენტებით. მასთან ერთად მყიდველმა ერთღერძიანი ტრაილერიც მიიღო.
დაბალი ფასი აიხსნება როგორც ტექნიკური მახასიათებლებით (V12-ის ნაცვლად მცირე ძრავი), ისე იმით, რომ ეს „Aventador“ გზაზე ვერ იმოძრავებს, ის მხოლოდ წყლისთვისაა შექმნილი.