LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ ერთ წელიწადში 10 747 ავტომობილი გაყიდა – ეს ახალი რეკორდია

114
ქირიას NEWS შაბლონი

იტალიურმა სუპერქარების მწარმოებელმა Lamborghini-მ 2025 წლის გაყიდვების შედეგები შეაჯამა და კიდევ ერთი რეკორდი დააფიქსირა. სანტ-აგატა ბოლონეზეში დაფუძნებულმა ბრენდმა წლის განმავლობაში 10 747 ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მართალია, შედეგი წინა წელთან შედარებით მხოლოდ 60 ავტომობილით მეტია, თუმცა Lamborghini-ისთვის ეს უკვე ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად მაღალი გაყიდვების შენარჩუნებას ნიშნავს.

კომპანიის ხელმძღვანელმა, სტეფან ვინკელმანმა, აღნიშნა, რომ Lamborghini არ ისახავს მიზნად მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ავტომობილების გაყიდვას. მისი თქმით, დღევანდელ რთულ საბაზრო პირობებში კომპანიის სტრატეგია უფრო ბალანსირებულ ზრდასა და ბრენდის ექსკლუზიურობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, რაც ბოლო წლებში მიღწეული შედეგების გამყარების საშუალებას იძლევა.

2025 წელს Lamborghini-ის გაყიდვები სტაბილური დარჩა სამივე მთავარ მაკრორეგიონში. ყველაზე მეტი ავტომობილი – 4 650 ერთეული რეალიზდა ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ამერიკის ორივე კონტინენტზე გაყიდვებმა 3 347 ავტომობილი შეადგინა, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კომპანიამ 2 750 მანქანა გაასხვისა.

კომპანიას არ დაუკონკრეტებია, მოახდინა თუ არა გავლენა წლიურ სტატისტიკაზე ახალმა, შედარებით ხელმისაწვდომმა მოდელმა Temerario-მ. ცნობილია, რომ ამ ავტომობილზე შეკვეთების პორტფელი უკვე დაახლოებით ერთ წელს ფარავს, თუმცა სერიული მანქანების მიწოდება კლიენტებისთვის ჯერ არ დაწყებულა და უახლოეს კვირებში იგეგმება.

Lamborghini-ის წარმატების მთავარ საფუძვლად კომპანიამ დაასახელა სუპერქარი Revuelto და პოპულარული კროსოვერი Urus, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე მხოლოდ ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატებით იწარმოება.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის შედეგებით ე.წ. გერმანული „დიდი სამეულის“ – Audi-ს, BMW-ს და Mercedes-Benz-ის პრემიუმ ბრენდებმა გაყიდვების შემცირება დააფიქსირეს – 1,4-დან 9 პროცენტამდე. ყველა მათგანისთვის განსაკუთრებით პრობლემურ ბაზრად რჩება ჩინეთი, სადაც მოთხოვნა შესამჩნევად კლებულობს. იგივე ტენდენცია შეინიშნება Porsche-ს შემთხვევაშიც, რომლის გაყიდვები ჩინეთში უკვე მეოთხე წელია იკლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g