„უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი კონფრონტაცია იქნება“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას ისაუბრა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, „დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ რუსეთისთვის არსებობს მკაფიო წითელი ხაზები“.
„ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ. ვფიქრობ, ესმით, რაზეც საუბრობენ. ეს იქნება რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების სწორედ ის პირდაპირი შეტაკება, რომლის არიდება ყველას არა მარტო უნდოდა, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს უნდა მომხდარიყო. პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილნი არიან თავისი არასტანდარტული სვლებით, რომელიც მიმართულია დიდი უბედურების პროვოცირებისკენ და არ გამოვრიცხავ, როდესაც ისინი სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ მათ საზღვარს უკრაინის დასავლეთით.
შეიძლება, სამშვიდობო ძალების შეყვანა სურთ ლვოვში, იქ შტაბ-ბინის შექმნა და შემდგომ იქ დარჩენა. ამ პროვოკაციის მეორე მიზანი არის ის რომ, საუბრები მიდის არა მარტო სამშვიდობო მისიის კონტინენტზე, არამედ საუბარი მიდის იმაზე, რომ ნატო თუ არა, მაშინ ბალტიისპირეთის ქვეყნების ბატალიონები შევიდნენ უკრაინის დასაცავად.
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავშეკავება, ჩვენი პოზიცია ნათელია, მკაფიოდ წარვადგინეთ ჩვენი მიდგომები მოლაპარაკებებში. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები, რომელზედაც წლებია, ვსაუბრობთ და ახლა უკვე მხოლოდ საუბრებით ვერ შემოვიფარგლებით.“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი გეგმავს, ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
