ბრიტანულმა Lotus-მა, რომელიც დღეს ჩინური Geely Auto-ს შემადგენლობაში შედის, განვითარების ახალი სტრატეგია – Focus 2030 წარადგინა. კომპანიის გეგმების მიხედვით, მთავარი აქცენტი სრულად ელექტრული მოდელებიდან ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადაინაცვლებს. პარალელურად Lotus-მა ახალი ჰიპერქარის პირველი თიზერიც გამოაქვეყნა.
მოდელს სახელად Lotus Type 135 ამ ეტაპზე მხოლოდ ინდექსითა და რამდენიმე ტექნიკური დეტალით იცნობენ. გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს, რომ ავტომობილი ძალიან დაბალი სილუეტით და ვიწრო LED ფარებით გამოირჩევა. უკანა ნაწილში კი მასიური გამონაბოლქვის მილები და კარბონის დიფუზორი ჩანს.
ახალი ჰიპერქარი ვიზუალურად გარკვეულწილად ჰგავს 2024 წელს წარმოდგენილ კონცეპტს – Lotus Theory 1. თუმცა თუ Theory 1 სრულად ელექტრული იყო, Type 135 ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს. Lotus-ის ინფორმაციით, მოდელი V8 ძრავზე დაფუძნებული ჰიბრიდული აგრეგატით იქნება აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 1000 ცხენის ძალას გადააჭარბებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰიპერქარის შესახებ დამატებითი დეტალები მიმდინარე წლის განმავლობაში გახდება ცნობილი, ხოლო ოფიციალური პრემიერა 2028 წელს გაიმართება. სერიული წარმოება ევროპაში იგეგმება.
ახალი სტრატეგიის ფარგლებში Lotus აპირებს, რომ ჰიბრიდული მოდელების წილი ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვებში 60%-მდე გაზარდოს. ტექნოლოგიური კვლევები ჩინეთში, Geely-ს მონაწილეობით გაგრძელდება, ხოლო დიზაინსა და ინჟინერიაზე კომპანია კვლავ დიდ ბრიტანეთში იმუშავებს.
ამასთან, Lotus ტრადიციულ შიდა წვის ძრავებზეც უარს არ ამბობს. კომპანიამ უკვე დააანონსა სპორტქარის – Lotus Emira-ს განახლებული ვერსია, რომელიც მოდელის ისტორიაში ყველაზე მსუბუქი და ძლიერი იქნება.
Lotus-ისთვის მთავარ ბაზრად კვლავ ჩინეთი რჩება, ევროპაში კომპანია იმიჯურ სპორტულ ავტომობილებზე გაამახვილებს ყურადღებას, ხოლო აშშ-ში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კროსოვერები იქნება. ბრენდი გლობალური გაყიდვების 30 ათას ავტომობილამდე გაზრდას გეგმავს.