„თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! – ხმა ჩაიგდეთ! შენი მასწავლებლობა არავის სჭირდება“, – ამ სიტყვებით პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, „ლელოს” წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
გარდა ამისა, მაჭარაშვილმა სალომე სამადაშვილს უთხრა, რომ ის არის „რუსეთის შემომყვანი“.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტი „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს. პროექტს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს უჭერს.
პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, „საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.