საქართველოში შემოსვლის დროს უკრაინის მოქალაქეებისთვის შექმნილ დაბრკოლებას ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც ამ ორ ქვეყანას შორის უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია და იგივე შესაძლოა მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ:
“ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ.
პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილის თემა დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება. აქედან გამომდინარე გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის.
რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, აშშ-ში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ.
მთავარია, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ შემოუშვა კონკრეტულმა უწყებამ საქართველოში კონკრეტული პირი, განმარტებას ვერ გავაკეთებ.” – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ:
უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ იგი თბილისში არ შემოუშვეს.
ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი აცხადებს, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოსცადა, ის სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში არ შეუშვეს.