ცნობილი ვოკალის პედაგოგი მანანა მორჩილაძე ჟურნალ „სარკის“ (10 აპრილის ნომერი) კითხვას პასუხობს იმ მომღერლების შესახებ, რომლებიც საქართველოში მუსიკალურ კონკურსებზე ნაკლებ წარმატებას აღწევდნენ, თუმცა საზღვარგარეთ ბევრად უფრო წარმატებულები ხდებოდნენ.
ამა თუ იმ პროექტში გამოჩნდებიან ხოლმე ნიჭიერი მომღერლები, მაგრამ ვერ იმარჯვებენ, თითქოს სათანადოდ ვერ გასდებიან ან სულაც იწუნებენ და შემდეგ სხვა ქვეყანაში წასულები, გამარჯვებულის სტატუსით ბრუნდებიან, მაგალითად, ალექსანდრე ზაზარაშვილი, თათია კობალაძე. აქ რასთან გვაქვს საქმე?
ზაზარაშვილს ვინ უთხრა, ვერ მღერიო?! როგორც მახსოვს, „ნიჭიერში“ მონაწილეობდა და მგონი, ფინალამდე მივიდა, „რანინაში“, ნახევარფინალში იყო. სადღაც იმარჯვებ, სადღაც – ვერა. ვერ მღერიო, არავის უთქვამს მისთვის, ხდება, რომ სადღაც გიმართლებს და სადღაც არა.
პედაგოგზე რამდენად არის დამოკიდებული, სწორად განსაზღვროს, რა შეუძლია ახალგაზრდას?
რა თქმა უნდა, პედაგოგზე ბევრია დამოკიდებული და ხანდახან რომ მიფიქრია, გამოვა-მეთქი, არ გამოსულა. ადამიანები ვართ და ყველა ვერ ამართლებს, მაგრამ რომ ვერ მივხვდე, ვის აქვს მუსიკალური მომავალი და ვის – არა, ასე არ შემშლია. შეიძლება კონკრეტული მუსიკალური ნომერი ისეთი გამოვიდეს, როგორიც წარმოგვიდგენია, შეიძლება – არა, მაგრამ მთლიანად ადამიანში ჯერ არ შევმცდარვარ და იმედია, არც შევცდები.