LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

106
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის ვაჭრობის მინისტრს ომერ ბოლატს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უტილიზაცია, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვა. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა იმ პროდუქციაზე, რომლის ექსპორტის გაზრდის პოტენციალიც არსებობს.

მინისტრებს შორის შეხვედრისას დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში. როგორც აღინიშნა, თურქეთი საქართველოს მესამე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფოა და უშუალოდ ქვეყანაში 2700-ზე მეტი კომპანია ოპერირებს თურქული ინვესტიციით. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყნები განაგრძობენ თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

საქართველოს, თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად, თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ეწვია, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნეს ფორუმში მონაწილეობენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებით ძალისხმევას მიმართავენ, რათა თანამშრომლობა ქართულ და თურქულ საქმიან წრეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს და ნაყოფიერი იყოს.

მხარეებმა ასევე წარმატებულად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში – სტატისტიკის თანახმად, თურქეთი მეორე ქვეყანაა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის. ხაზი გაესვა ნაყოფიერ ურთიერთობას სამოქალაქო ავიაციის სფეროშიც – საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის სამ აეროპორტში კვირაში 101 რეისი სრულდება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველოსა და თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომაა დაგეგმილი. 

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრი და დელეგაცია რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში 22-23 ოქტომბერს გაიმართება. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში საქართველოში სამმხრივი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g