”მაწვნის სახლი ალავერდთან” ტურისტულ სეზონს სიახლებით შეხვდა. როგორც ”ფორტუნას” ”მაწვნის სახლიდან” აცნობეს, ობიექტის გარე სივრცე სანაყინედ გადაიქცა. გარდა ამისა, აქ წარმოდგენილ პროდუქციას დაემატა ნატურალური ჩირის პროდუქტებიც კომპანია ”ჩირიფრუტისგან”. გამრავალფეროვდნა თონეც.
”ჩვენთან პროდუქციის თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი არჩევანია. მოსულ სტუმარს ვთავაზობთ: ქართულ დედოზე დამზადებულ მაწონ “მარიამს” (თაფლით და ნიგვზით, ცოცხალი ხილით, ჩირით) და თუშურ სამზარეულოს (ხავიწი, კოტორი, მილიჯანი გაწურული მაწვნით, თუშური ხინკალი, მაჭკატი, განსაკუთრებული გუდის ყველი). რა თქმა უნდა, გვაქვს საუცხოო მაწვნის ნაყინიც. ჩვენს თონეში კი ვაცხობთ ქართულ ხორბალზე დამზადებულ დოლის პურს, სვიის ბუნებრივ საფუარზე”, – განაცხადეს მაწვნის სახლში.
მათივე ცნობით, ”მაწვნის სახლის” მიმართ ტურისტების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა.
”სტუმრების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი შარშანდელზე ბევრად კარგი იქნება. ტურისტს “მაწვნის სახლში” მყუდრო და სასიამოვნო, სადა ქართული გარემო ხვდება. მაისში ტურისტების შემოტევა იყო, უმეტესად რუსეთიდან. შემოდგომაზე კი როგორც ყოველთვის პიკია”, – აღნიშნეს ”მაწვნის სახლში”.
როგორც აქ განმარტეს, სამომავლოდ გაფართოება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება მაწვნის ოთახი, ასევე შენდება ნაყინის შენობა, რომელიც დამოუკიდებელლად იფუნქციონირებს. ”დავიწყეთ მაწვნის და დოლის პურის თელავის რაიონის მასშტაბით არსებულ მაღაზიებსა და სასტუმროებში შეტანა. გვაქვს გეგმაში, დედაქალაქიც ავითვისოთ”, – განაცხადეს კომპანიაში.
ცნობისთვის, ”მაწვნის სახლი” 2014 წლის სექტემბერში გაიხსნა. პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. სახლი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და აქ 10 ადგილობრივი კადრია დასაქმებული.