რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ მუსიკოსი, დირიჟორი – მეკო ქავთარაძე სტუმრობდა, რომელმაც მოგვიყვა 20 ოქტომბერს ფლორენციაში დაგეგმილ კონცერტზე, სადაც არაჩვეულებრივი ქართული ჰანგები გაჟღერდება.
მეკო, ცნობილია, რომ თქვენ და „ახალგაზრდული კაპელა“ ფლორენციაში მიემგზავრებით, სადაც სხვა ქართველ შემსრულებლებთან ერთად, კონცერტში მიიღებთ მონაწილეობას. მოგვიყევით აღნიშნული ღონისძიების შესახებ.
ისეთ ემოციებში ვართ, ეს უდიდესი პატივია ჩვენთვის. მოგეხსენებათ, 20 ოქტომბერს, „ახალგაზრდული კაპელა“ ვესტუმრებით ფლორენციას, სადაც ყოველი ბგერა საოცარ ემოციას ქმნის. კონცერტზე დავით თორაძის საოცარი მუსიკა შესრულდება. ახალი საორკესტრო და საგუნდო არანჟირებები მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა შექმნა. ძალიან დიდი მადლობა ნიკას ამ მუსიკისთვის, ასეთი არანჟირებებისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, სწორედ მან შემოგვთავაზა კონცერტში მონაწილეობა. ქართული მუსიკის ფლორენციაში გაჟღერება მაესტროს იდეა იყო. მიდის ყოველდღიური რეპეტიციები, საკმაოდ შემართებით ვემზადებით. ძალიან დიდი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს სიყვარულისთვის, ნდობისთვის, თანადგომისთვის და იმ შემართებისთვის, რაც მათ აქვთ. ვფიქრობ, ნამდვილად ტრიუმფალური კონცერტი იქნება.
როდის ჩამოყალიბდა თქვენი კაპელა?
ჩვენი კაპელა უკვე ერთი წელია, რაც ჩამოყალიბდა. 50-მდე მუსიკალური კომპოზიცია გვაქვს შესრულებული, სიმფონიურ ორკესტრთან, ნიკა ნიკვაშვილთან, დავით მაზანაშვილთან ერთად. მიგვიღია მონაწილეობა ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამოში, ანრი ჯოხაძის კონცერტში, დავხურეთ დავით თორაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი, შემდგომ, იყო ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და ა.შ. ახლა, ამ ყველაფერს ფლორენციით ვაგვირგვინებთ.
მნიშვნელოვანია, რომ ფლორენციის კონცერტში მონაწილეობას იღებენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან ქეთი მელუა, ნატო მეტონიძე, გიორგი ანდღულაძე, იანო ალიბეგაშვილი. ისეთი ადამიანები დგანან ჩვენს გვერდში, რომ ძალიან დიდ ემოციებში ვართ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
მეკო, 5 შვილის დედა ბრძანდებით, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და საქმეს?
ვფიქრობ, გამონაკლისი არ ვარ, ყველა ასე არის. მრავალშვილიანი დედობა, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, რთულია, თუმცა სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. არ მიჭირს, სიამოვნებით ვაკეთებ ამ ყველაფერს.