მელანომა კანის სიმსივნის ერთ ერთი სახეობაა. ვითარდება უჯრედებში, რომელსაც მელანოციტები ეწოდება. მელანოციტები პასუხისმგებელნი არიან მელანინის, პიგმენტის გამომუშავებაზე, რომელიც ფერს აძლევს კანს, თმას და თვალებს.
იგი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მელანოციტები განიცდიან ტრანსფორმაციას და იწყებენ უკონტროლოდ ზრდას. მელანომას განვითარების რისკის ფაქტორებს წარმოადგენს: ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება, რომელსაც დიდი რაოდენობით იღებს ადამიანი მზის სხივების ან სოლარიუმის აპარატის შედეგად; მზისგან დამწვრობა – განსაკუთრებით ბავშვობაში, მზისგან მიღებული მძიმე დამწვრობის შემთხვევები,ზრდის რისკს; ხალები – ხალების დიდი რაოდენობა ან ატიპიური ხალების მქონე პირებს აქვთ მელანომის განვითარების მაღალი რისკი; გენეტიკური წინასწარგანწყობა – მელანომის განვითარების რისკი შესაძლოა დაავადების მემკვიდრეობითმა ხასიათმაც განაპირობოს.

მელანომის ამოცნობაში გასათვალისწინებელია სხვადასხვა მახასიათებლები როგორებიცაა: ქავილი ან მგრძნობელობა – მელანომამ შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, მგრძნობელობის მომატება ან ტკივილი დაზიანებულ მიდამოში; სისხლდენა ან გამონადენი; ახალი ხალები ან ახალი დაზიანებები; თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ნიშანს ან გაქვთ ეჭვი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ საფუძვლიანი დიაგნოსტიკა. მელანომის ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს. მელანომის დიაგნოზი ჩვეულებრივ მოიცავს კლინიკური გამოკვლევის მეთოდებს, დათვალიერებას დერმოსკოპის მეშვეობით და ბიოფსიას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ხალი ან კანის დაზიანება არ არის მელანომა, უმეტესობა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას კანზე, განსაკუთრებით ხალებში, ან თუ გაქვთ ახალწარმოქმნილი ლაქები, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
მელანომის პრევენცია გულისხმობს მზისგან დაცვას და სწრაფ რეაგირებას კანზე არსებული ცვლილებების მიმართ. გამოიყენეთ მზისგან დამცავი, ფართო სპექტრის საცხი. დარჩით ჩრდილში . დაიცავით თვალები – ატარეთ სათვალე. მოერიდეთ სოლარიუმს, ჩაიტარეთ რეგულარული თვითშემოწმება, დაგეგმეთ ვიზიტი დერმატოლოგთან და ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა რეგულარულად. დაიცავით ბავშვები – მზის სხივების მიმართ ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან. 6 თვემდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს; მიიღეთ სითხე.