„მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა, აღმოჩნდა ემიგრაციაში“, – ეს განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილმა მინისტრმა, კობა სუბელიანმა “ფორმულას” ეთერში საუბრის დროს გააკეთა.
სუბელიანმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც გადაწყვიტა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა. როგორ მან აღნიშნა, ქვეყანა უპერსპექტივობის გამო დაიცალა.
“ჩვენ ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალზე არასდროს გვიმუშავია. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოჩნდა, რომ არავისთვის ვიყავით საჭირო. ამას ვინ ჩივის, აღმოვჩნდით რთულ გარემოში, როგორც მტრები ისე შევირაცხეთ ქვეყნისთვის. აწარმოებდნენ პროპაგანდას, მე პირადად, ათასი რაღაც დამაბრალეს, ისეთი საზიზღრობები, რომ ქუჩაში პირდაპირ ვგრძნობდი ხალხის მხრიდან აგრესიას. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გაიფანტა და გამოჩნდა, რომ ნამდვილად არაფერი მომიპარავს, პირიქით…
მე კიდე ჯანდაბას, ასე თუ ისე, ითვლება, რომ მაღალ თანამდებობაზე ვიყავი, მაგრამ ვსაუბრობ იმ უბრალო მოხელეებზე, რომლებზეც იდგა ქვეყანა, არ იყვნენ პოლიტიკაში გარეულები, ეს ხალხიც გაყარა ბიძინა ივანიშვილმა.
ვინც კი საღად აზროვნებდა და ვინც ოდნავ პროგრესისკენ იყო მიმართული, ასეთ ადამიანებს დაუარეს სათითაოდ. სავსეა ემიგრაცია. სავსეა ნიუ-იორკი, გაგიჟდებით. ისეთი ხალხი, გული დაგეწვებათ, პროფესიონალი ხალხი…
უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, პირადად მე არსებობისთვის ვიბრძოდი, რომ ჩემი ოჯახი შემენახა და მიმეღწია იმისთვის, რომ ლეგალური სტატუსი მომეპოვებინა.
რატომ დაიცალა ქვეყანა? მექსიკის საზღვარზე ციხე სავსეა ქართველებით. გამორბიან, იმიტომ, რომ უპერსპექტივობაა ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის რუსული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კახა ბენდუქიძე გააქცია ქვეყნიდან – პირადად უთხრეს: გაჩუმდი, თორემ დაგიჭერთო“, – განაცხადა კობა სუბელიანმა.