გერმანული კონცერნი Mercedes-Benz ჩინურ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერ Momenta Global-თან თანამშრომლობით აბუ-დაბიში უპილოტო ტაქსის გაშვებაზე იმუშავებს. პროექტისთვის გამოყენებული იქნება განახლებული S-კლასის სედანები, რომელთა პრეზენტაცია იანვარშია დაგეგმილი. სიახლის შესახებ Autonews წერს.
პარტნიორობის ფარგლებში წარმომადგენლობითი სედანი აღიჭურვება ავტომატიზებული მართვის მეოთხე დონის სისტემით. ეს სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს, ხელი მოაშოროს საჭეს და ავტომობილი დამოუკიდებლად მართოს გზის უმეტეს სიტუაციებში. „ავტოპილოტის“ დანერგვა განხორციელდება კომპანია Lumo Mobility-ის მხარდაჭერით, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ნებართვა მიიღო.

Mercedes-Benz-ისთვის ეს უპილოტო ტაქსის მიმართულებით პირველი გამოცდილება იქნება. აბუ-დაბიში განხორციელებული პროექტი დაფუძნებულია ახალ პროგრამულ პლატფორმაზე Mercedes MB.OS, რომელიც პარტნიორებს საშუალებას აძლევს, შექმნან საკუთარი პროგრამები კომპანიის ცენტრალურ ოპერაციულ სისტემაზე დაყრდნობით. ასეთი სტრატეგია ავტომწარმოებელს უნარჩუნებს კონტროლს ძირითად პროგრამულ უზრუნველყოფაზე და ამავდროულად იზიდავს გარე დეველოპერებს რთული, სპეციალიზებული კომპონენტების შესაქმნელად.
თავის მხრივ, ჩინური კომპანია Momenta Global უკვე ამარაგებს BMW-ს ჩინეთში საკუთარი სისტემებით. ასევე, 2026 წლიდან კომპანია გეგმავს Uber-თან ერთად რობო ტაქსის გაშვებას გერმანიაში. Momenta 2016 წელს დაფუძნდა და დღეს ერთ-ერთ წამყვან ჩინურ დეველოპერად ითვლება უპილოტო ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში.

ნოემბრის ბოლოს Uber-მა ასევე გამოაცხადა სრულიად უპილოტო ტაქსის ამოქმედების შესახებ აბუ-დაბიში. აღნიშნულ ავტომობილებში ოპერატორები არ იმყოფებიან და სალონში მხოლოდ მგზავრები გადაადგილდებიან. პროექტის პარტნიორია ჩინური კომპანია WeRide, რომელიც Uber-ის სხვა საერთაშორისო პროექტებშიც მონაწილეობს.
