„არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც მონურ მორჩილებაში მყოფი რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახურები აცხადებენ“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა
საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია.
„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდედ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, ამას ამბობს საქართველოს ისტორია და ამას იტყვის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ბექა ბასილაია: „მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს – რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია“
„მე ბოლო ბევრი წელია, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია“.
ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები – „მონებო“ მოჰყვა.