LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის იმ სტადიაშია, როდესაც შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება – ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრი

107
BeFunky-collage (22)

მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როდესაც შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმთა ჯგუფის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე სააკაშვილის ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.

„როდესაც პაციენტს აქვს რომელიმე ორგანოს – მაგალითად, გულის, ღვიძლის ან ფილტვის დაავადება, სპეციფიკური მკურნალობა არის საჭირო, რაც უფრო ადვილია. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის. ჯერ ის სტადიაა, როდესაც ამ ადამიანის ინტენსიურად მკურნალობა შეიძლება და ფატალური გართულებების თავიდან აცილება. ამას სჭირდება ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, კვლევები. იქ არის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებით და მორიგეობით“, – განაცხადა გრიგოლიამ.

როგორც გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, დეტალები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ დასკვნაში იქნება წარმოდგენილი, რომელსაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი გამოსცემს.

„ჩვენ ვესაუბრეთ გლდანის ციხის სამედიცინო სამსახურის დირექტორს და ერთ-ერთ რეანიმაციულ ბრიგადას, რომელიც დროებით არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. მათ კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ესენი არიან რეანიმატოლოგები და სააკაშვილი რეანიმაციას ჯერ არ საჭიროებს. მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, სადაც უნდა მკურნალობდნენ არა რეანიმატოლოგები, არამედ თერაპევტები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები და ა.შ. გლდანის ციხეში მომუშავე რეგულარულ პერსონალს ჩვენ არ შევხვედრილვართ და ჩვენს კომპეტენციაში არც იყო მათი პროფესიონალიზმის შეფასება და ეს შეუძლებელიც იქნებოდა.

დანარჩენი დეტალები უკვე დასკვნაში გვექნება, რომელსაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი გამოსცემს. ალბათ, საზოგადოების ფართო სპექტრი გაეცნობა, მათ შორის დიპლომატებიც. ჩვენ უკვე ვწერთ დასკვნის დასრულების ტექსტს“, – განაცხადა გრიგოლიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g