LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუღებელია, რომ ადამიანი ბენზინს ისხამს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს – მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალი ვერ იპოვა… მიუღებელია იმის შეჩვევა, რომ მზია ციხეში შიმშილობს… მიუღებელია, როცა 16 წლის მოზარდს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს… მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ“ – ნინო ზამბახიძე

120
ნინო ზამბახიძე

„მიუღებელია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე, რითაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საპატიმროში დაწყებულ შიმშილობას და აქციებზე დაკავებებს ეხმაურება.

ნინო ზამბახიძე წერს, რომ „მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ“.

„ძალიან მძიმე და მიუღებელია, რომ ადამიანი უკიდურეს ზომას ირჩევს – ბენზინს ისხამს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს – მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალი ვერ იპოვა.

მიუღებელია, როცა 16 წლის მოზარდს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებში და საკუთარ ცოდნას სხვადასხვა პლატფორმის გასაუმჯობესებლად იყენებს.

აქციაზე დაკავებული 16 წლის ბიჭის დედა: „დაკავებისას სცემეს, მუცელში ისეთი წიხლი დაარტყეს, რომ ვერ ამოისუნთქა, სავარაუდოდ გონებაც დაკარგა… გდდ- ს ხალხმა ყველაფერი წაართვა, ფული, ტელეფონი, პირადი ნივთები“

მიუღებელია იმის შეჩვევა, რომ მზია ციხეში შიმშილობს, მაშინ როცა პოლიტიკური შეფასებები მის მდგომარეობას უგულებელყოფს.

„ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი! – სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება“ – მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელზე

მიუღებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ითვალისწინებს თავისი თანამშრომლების მოსაზრებებს და არ იზიარებს მათ ხედვას.

მიუღებელია, როდესაც ღირსების ორდენით დაჯილდოებული პირები საკუთარი ქმედებებით ამ ორდენის მნიშვნელობას აუფასურებენ.

მიუღებელია, 5-წლიანი პატიმრობა რომელიც ოკმელას მიუსაჯეს, ისევე როგორც მიუღებელია მრავალი ახალგაზრდა, რომლებიც უსამართლოდ რჩებიან საპყრობილეში.

„ჩვენ გვყავს 4 წლის შვილი. მან იცის, რომ მამამისი ამერიკაშია წასული და ელოდება“ – გიორგი ოკმელაშვილის ცოლი, რომელსაც დღეს 5 წელი მიუსაჯეს

მიუღებელია, როდესაც სამსახურიდან ათავისუფლებენ მათ, ვინც ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს და ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას.

მიუღებელია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით.

მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები—ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავალია“, – წერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g