მსოფლიოს მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.
სანქციების ახალ პაკეტში მოხვდნენ რამდენიმე სენატორი და აშშ-ის პრეზიდენტის ცოლი და შვილი, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ.
ჯო ბაიდენს რუსეთში შესვლა აეკრძალა – მოსკოვმა აშშ-ის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა
შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში შესვლა აშშ-ის კიდევ 25 მოქალაქეს აუკრძალა. მათ შორის არიან აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე და ქალიშვილი – ჯილ და ეშლი ბაიდენები.
ჯო ბაიდენის ოჯახის წევრების გარდა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ის ამერიკელი სენატორებიც, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რუსოფობიური კურსის ჩამოყალიბებაში.
ასევე, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომელთაც ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ყოფილი ელჩი რუსეთში – მაიკლ მაკფოლი. ეს ჯგუფი ამუშავებს წინადადებებს ანტირუსული სანქციების გასაძლიერებლად”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათ რუსეთში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ.
