LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოწყენილი იყო ხოლმე… ადამიანი ვარ დედი, ხან ასეც ვიქნებიო…” – რას ჰყვება დაკარგული გოგონას დედა

9813
pjimage

უკვე მესამე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. გოგონა სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს, დღის პირველ ნახევარში გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

“ფორტუნა” დაკარგულის დედას, თეონა თამაზაშვილს ესაუბრა.

“ერთად ვაპირებდით სადმე დასასვენებლად წასვლას. სად წავიდეთ ცემში თუ ზღვაზე-მეთქი რომ ვკითხე, ყველგან წავიდეთ დედიო, რა პრობლემააო, თვის ბოლომდე არ მცალია და მერეო. ახლა გავიგე სამსახურიდან წამოსულა. მეგობარს უთხრა და რატომ არ ეცალა არ ვიცი. ადრე სულ ვეჩხუბებოდი, ერთ-ერთი სამსახურიდან მაინც წამოდი-მეთქი, თან ბაკალავრიატზე სწავლობდა, თან მაგისტრატურისთვის ემზადებოდა. ვერ გადამიწყვეტია რომელი სამსახურიდან წამოვიდეო, მეუბნებოდა. მოწყენილი იყო ხოლმე. რომ ვეკითხებოდი, დედა ასე რატომ ხარ-მეთქი – ადამიანი ვარ, ხან ისე ვარ, ხან ასე ვარო მეუბნებოდა. ზოგადად გულჩათხრობილი იყო”.

თეონა თამაზაშვილმა ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ დაკარგვის დღეს გოგონას შუადღეს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. მისი თქმით, თეთრიწყაროს რაიონში ის პირველად იყო და იქ ახლობლები არ ჰყავთ.

“ბოლო პერიოდში თვალი უშტერდებო ხოლმე. დედა რა გჭირს-მეთქი ვეკითხებოდი და არაფერს მეუბნებოდა. არ ვიცი ვინმე აშანტაჟებდა თუ რა მოხდა. ვეხუმრებოდი ხოლმე, შვილიშვილები მინდა-მეთქი და ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, უნდა ვისწავლო, გრანდიოზული გეგმები მაქვს და გათხოვებაზე არ ვფიქრობ კარგა ხანსო. არ უთქვმს თუ ვინმე აწუხებდა. დილას მძინარე დავტოვე და იმ დღეს აღარ დაურეკავს. გული აფორიაქებული მქონდა. რომ გავთავისუფლდი, დავურეკე, 2-ის 20 წუთი იყო და ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. იქით რა უნდოდა ჯერ კიდევ შოკში ვარ, არ გადიოდა ხოლმე ასე შორს, მით უმეტეს უთქმელად არასდროს წასულა, ყოველთვის ვიცოდი სად მიდიოდა, სად იყო. ახლა ისეა გასული, არაფერი წაუღია, პატარა ზურგჩანთა დაააქვს ხოლმე სულ, ის წაიღო ახლაც. საბუთები, საკრედიტო ბარათები, პასპორტი და საფულე ედო.”

თეონა თამაზაშვილის თქმით, გოგონას დაკარგვის დღეს არც მეგობრებთან უსაუბრია. მისი ვარაუდით, თამარს სოფელში ვიღაც მალავს.

“წინა ღამეს სერიალს ვუყურეთ და დავწექით ჩვეულებრივ, არაფრისთვის ემზადებოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცოტა ხნით იყო გასული და სანამ მოვიდოდი, შინ დამხვდებოდა. იცოდა, რომ სულ ვაკონტროლებდი, სულ ვურეკავდი. არც ტელეფონზე მპასუხობდა, მეზობელს დავურეკე მანქანა თუ დგას-მეთქი, მეგობარსაც დავურეკე შენთან ხომ არ არის-მეთქი და დღეს არ დამკავშირებიაო. სოფელში ვიღაც მალავს, თორემ სადღაც ხომ მაინც მიაგნებდნენ”, –  აცხადებს თეონა.

 

23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა – სოფელ გოლთეთში. ამ ეტაპზე სოფლის არეალში გოგონას სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამართალდამცავები გოგონას პირად კომპიუტერსაც სწავლობენ, რათა დაადგინონ, ვისთან ჰქონდა ბოლოს კონტაქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები