საქართველოდან ამერიკამდე მექსიკის გავლით ჩამსვლელთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს, – აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი, კობა სუბელიანი.
მან “მთავარი არხის” ეთერში, საკუთარ ამერიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა და ასევე, დააფიქსირა მოსაზრება თუ რატომ ირჩევს ხალხი ამერიკაში მოხვედრის სარისკო გზებს.
“ყოფილა შემთხვევაა, 18-20 საათი მიმუშავია დღეში. ახლა ცოტა დასტაბილურდა გრაფიკი და დღეში 14 საათი მიწევს მუშაობა.
საქართველოდან ხალხი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოდის და ამას თან პოლიტიკური დევნა ახლავს. თუ “ოცნებასთან” არ ხარ ლოიალურ დამოკიდებულებაში, ვერაფერს გააკეთებ, სულ რომ სტივ ჯობსი იყო, არ გაძლევენ გასაქანს.
მათი ყოფილი მომხრეებიც ასე არიან. მათმა ერთმა მხარდამჭერმა მითხრა, ამასწინათ, ტენდერი მოვიგეო, დამაჯარიმეს ერთხელ, ორჯერ, ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავსო, მსგავსი მიზეზით. 4 წლის წინ თვეში ერთხელ თუ გავიგებდით, რომ მექსიკიდან ჩამოვიდა ქართველი ადამიანი. ახლა დღე არ გავა, რომ მექსიკიდან ჩამოსულზე ვინმემ არ დარეკოს. თუ შეიძლება მართვის მოწმობის აღებაში რეკომენდაცია გავუწიოთ ან მონროში იმუშაოსო.
მონრო სოფელია, სადაც ახალი ჩამოსული ქართველები მუშაობენ,მათ თავიდან აქ მცხოვრები ქართველები ეხმარებიან ფეხის ადგმაში.
ძალიან ძნელია აქ, მეუბნებიან, რას გვაშინებ, თქვენ ხომ ხართ მანდ კარგადო – არავის ვაშინებ, თავიდან ძნელია,მერე ფეხზე დადგები, მაგრამ მაინც გენატრება შენი ქვეყანა, შენი მეგობრები.
საარსებო მინიმუმი რომ იყოს საქართველოში გარანტირებული, მაგრამ არა ის, რასაც მთავრობა განსაზღვრავს, არამედ რეალური, საკუთარ ქვეყანაში შრომას არაფერი სჯობს, აქ ნაშოვნს ისეთი გემო არ აქვს, როგორც მანდ.
მონატრება ყველაფერს გემოს უკარგავს, მაგრამ მანდ არაფრის გასაქანი არ არის”, – განაცხადა კობა სუბელიანმა.