LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი გზავნილები G20-ის სამიტიდან: იქნება თუ არა კოვიდვაქცინა ხელმისაწვდომი ყველასთვის

87
22020

„ახალმა ვირუსმა დაგვანახა ჩვენი მზაობისა და რეაგირების სისუსტეები და ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო გამოწვევებს“, – ასეთია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავარი გზავნილი, რომელიც დიდი ოცეულის დასკვნითი განცხადების სახით გავრცელდა.

G-20-ის სამიტს 21 და 22 ნოემბერს საუდის არაბეთმა პანდემიის გამო, ვირტუალურად უმასპინძლა.

ონლაინსამიტს, რომელსაც საუდის არაბეთის მეფე ხელმძღვანელობდა, მსოფლიოს წამყვანი ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი.

დიდი ოცეულის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გლობალური ეკონომიკის მხარდაჭერა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობა და გაძლიერება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა.

სწორედ პანდემიასთან ბრძოლა იყო სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, სახელმწიფოები არ დაიშურებენ ძალებს დაიცვან ადამიანების სიცოცხლე და უზრუნველყონ კოვიდ 19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ყველასთვის.

როგორც სამიტში მონაწილე ლიდერებმა აღნიშნეს,  ვირუსმა გაანადგურა ასობით მილიონი სამუშაო ადგილი და მილიონობით ადამიანი ჩააგდო უკიდურეს სიღარიბეში. G20-მა კი ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, რომ ვაქცინებზე, წამლებსა და ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, საბედნიეროდ, ახალი ვაქცინების იმედი არსებობს.

ანგელა მერკელის განცხადებით, ”მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს უზრუნველყოფა ვაქცინებით”.

ლიდერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად და ასევე დაფინანსების გაზრდა, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს ტესტირებითა და ვაქცინებით.

მანამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა თქვა, რომ კოვიდ 19-ის ახალი ვაქცინების მასობრივი წარმოების, შესყიდვისა და მიწოდებისთვის მსოფლიოში  28 მილიარდი დოლარის დამატებითი ინვესტიციაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები