მთავრობის დაფინანსებით საქართველოში ჩამოყვანილი მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავების კონცერტებზე დასწრება უფასო არ იქნება. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დარულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება, რაც უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებების ორგანიზება მთავრობამ კულტურის სამინისტროს დაავალა და პროექტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრინციპული თანხმობა მიღწეულია, ზუსტდება ტექნიკური და ლოჯისტიკური დეტალები. ჩვენ მაქსიმუმ ერთ კვირაში მზად ვიქნებით მედიისთვის საინფიორმაციო ღონისძიება გავმართოთ, სადაც საუბარი იქნება სახელებზე, რიცხვებზე, ბიუჯეტებზე და ა.შ.“ – განაცხადა გიორგაძემ.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს მომღერლებთან რობი უილიამსთან და ეროს რამაზოტთან. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს და დეტალები ზუსტდება თუმცა ოფიციალურად დადასტურებისგან მინისტრმა თავი შეიკავა.
„ეს ღონისძიებები დაიწყება აპრილიდან და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში და სხავადასხვა ლოკაციაზე, ეს არ იქნება მხოლოდ თბილისში. „ჰიტ ბათუმი“ წელსაც გაგრძელდება, რადგან ამ პროექტს ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან საინტერესოა ეს ქალაქი ტურისტებისთვის. წელს ეს პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება იმ თვალსაზრისით, რომ ივნისიდან დაიწყება ღონისძიებები. რეგიონებიც ჩაერთვებიან ამ პროექტებში,“ – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ტურიზმის წახალისების მიზნით მთავრობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, მათ შორის,მაღალი კლასის არტისტების ჩამოყვანას დააფინანსებს.
