ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში ჩატარებული 883 ტესტიდან, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი.
ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ტესტირება 11 იანვარს ჩაუტარდათ.
“ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია, გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე მოთავსებულია დაწესებულების საკარანტინო სივრცეში იზოლაციაში და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.” – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
კორონავირუსით ინფიცირების 1 600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებულების თანამშრომლები სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენის ტესტით მოწმდებიან. დაწესებულების თანამშრომლები ასევე ყაზარმულ რეჟიმში დაწესებულებაში შესვლამდეც გადიან PCR ტესტირებას.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს.” – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
