LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცვლიშვილი: არაჯანსაღი დამოკიდებულება გაუჩნდათ ძალაუფლების მიმართ, ამის დემონსტრირებაა ირაკლი კობახიძის განცხადება – პანიკაში აგდებთ იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს ძალაუფლება აღარ ექნებათ

82
ანა ნაცვლიშვილი

„არაჯანსაღი დამოკიდებულება გაუჩნდათ ძალაუფლების მიმართ, ამის დემონსტრირებაა ირაკლი კობახიძის განცხადება“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლისთვის გადაიწიოს.

დეპუტატის შეფასებით, მმართველ გუნდს პანიკაში აგდებს იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს  ძალაუფლება აღარ ექნებათ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხომ არ გადაინაცვლებს ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში, ნაცვლიშვილი უპასუხა, რომ პოლიტიკური პროცესი განვითარდება მოვლენების ადეკვატურად და „ხელოვნურად ვერც სიმშვიდე შენარჩუნდება და ვერც ტემპერატურა აიწევა“.

„ქართულ ოცნებას“ ეშინია ნებისმიერი ფანჯრის, რომელიც მისი ძალაუფლების დასრულებას მოაახლოვებს, მაგრამ გარდაუვალია, რომ მათ მოუწევთ ძალაუფლებასთან დამშვიდობება. რაც უფრო მალე მოემზადებიან ამისთვის, მათთვისვე იქნება უკეთესი.

ცხადია, როცა ოპოზიციაში გადავლენ, ჩვენ ისე არ მოვქეცევით, როგორც თავად ექცევიან ოპოზიციას, მაგრამ უნდა შეეგუონ ფსიქოლოგიურად, რომ მოუწევთ ძალაუფლების დათმობა“, – განუცხადა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტრაგედიაა, როცა ქვეყნისთვის მძიმე ვითარებაში ხელისუფლება ოპოზიციაზე საუბრობს და არა პრობლემების მოგვარების გზებზე.

„ამ ქვეყნის ტრაგედიაა, როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა ნაცვლად იმისა, რომ იმაზე ფიქრობდეს და საუბრობდეს, ქვეყანა ამოიყვანოს უმძიმესი სოციალურ- ეკონომიკური კრიზისიდან, ნაცვლად სახელმწიფოზე საუბრისა, მუდმივად ლაპარაკობდეს ოპოზიციაზე და თანაც საუბრობდეს მათ გაქრობა-განადგურებაზე.

ეს ადასტურებს, რომ მათ სახელმწიფო ძალაუფლება, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად ჩაუვარდათ ხელში, ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობაა მათზე, მუდმივად ცდილოვენ კინკლაობის რეჟიმი შეინარჩუნონ.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g