რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ნინი ქარსელაძე და ირაკლი ნოზაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში „ქუჩის ბიჭების“, ნინი ქარსელაძის და მარიკა თხელიძის სიმღერის „სულ ერთად ვიქნებით“ პრეზენტაცია შედგა.
ვისაუბროთ თქვენს ახალ მუსიკალურ ნამუშევარზე „სულ ერთად ვიქნებით“.
ნინი: სიმღერა ბააზ ოსიპოვს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე გახლავთ. ნამუშევარი გიგა კუხიანიძის სტუდიაში, კობა მესხიასთან ჩაიწერა. ბალანსი და მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის.
ირაკლი: არანჟირებაზე ბრენდონ სტოუნმა იმუშავა.
ნინი: განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრათ ბესიკ შპეტიშვილს, ამ ფანტასტიკური სიმღერისთვის.
ირაკლი: ჩემი აზრით, ნამუშევარი ძალიან კარგი და საინტერესო გამოვიდა. სიმღერა ძალიან მოსწონთ, გარდა იმისა, რომ „იუთუბ“ გვერდზე არის მოთხოვნები, ჩვენ ეს ყველაფერი ლაივ კონცერტებზეც დავტესტეთ. პირველივე შესრულებაზე, ხალხს თვალებში ეტყობოდათ, თუ როგორ მოსწონდათ, მეორე მისამღერზე უკვე ჩვენთან ერთად მღეროდნენ, რაც იმის ძალიან კარგი მაჩვენებელია, რომ ძალიან მალე შეიყვარებენ ამ სიმღერას. კმაყოფილები, ბედნიერები ვართ, ეს რაღაც ახლის დასაწყისია, რადგან გაჩერებას არცერთი არ ვაპირებთ.
ნინი: რაც მთავარია, ამ სიმღერის ჩაწერის, კლიპის გადაღების, ყველაფრის იდეის ავტორი და პროდიუსერი ხათუნა ჟორდანია გახლავთ და კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს დედიკოს.
როგორ შეირჩა სიმღერის სახელწოდება, ვის ეკუთვნის იდეა?
ნინი: სხვათა შორის, ტექსტთან დაკავშირებით, ირინას მე ვუთხარი, დაახლოებით, რა მინდოდა და სახელწოდებაც, გამოდის, რომ მე მეკუთვნის. რა თქმა უნდა, ტექსტი ირინასია, უბრალოდ, ამ ამონარიდის, სახელწოდების იდეის ავტორი მე ვარ.
ირაკლი: სიმღერის გაკეთებისას, თვითონ ტექსტი გკარნახობს, თუ რა უნდა ერქვას მას. რა თქმა უნდა, ნინისაც აქედან გამომდინარე მოუვიდა ეს აზრი, რომ სიმღერას „სულ ერთად ვიქნებით“ ერქვას.
ნინი: როგორც კი მისამღერი გამომიგზავნა ირინამ, უკვე ზუსტად ვიცოდი, სიმღერას რა ერქმეოდა. ირინასთან მუშაობა იმიტომ მიყვარს, რომ 1-2 წინადადებას რომ ვეტყვი, ზუსტად იცის, ტექსტი რას უნდა ეხებოდეს. სიმღერას ფანტასტიკური ტექსტი აქვს.
ირაკლი: ორ სიტყვას დავამატებ, ვიდეორგოლთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ლევან გაბაძეს, ფანტასტიკურ ბიჭს, რომელმაც არ დაიშურა ძალ-ღონე და ასეთი მოკრძალებული, ლამაზი კადრებით აწყობილი ვიდეორგოლი გამოგვივიდა. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდით და არც ველოდით, ჩვენივე მოთხოვნა იყო, რომ მოკრძალებული, უპრეტენზიო, ზედმეტი რაღაცების გარეშე, უბრალოდ, ლამაზი კადრები ყოფილიყო.
ეს არ არის დუეტი, ეს არის ტრიო. მსმენელისთვის ნინი და „ქუჩის ბიჭები“ ახალი არ არის, ამიტომ შემოგვიერთდა მარიკა თხელიძეც. ძალიან კარგად და ყურისთვის საამოდ დაჯდა ხმები ერთმანეთთან, ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ნამუშევარი გამოგვივიდა. იმედი მაქვს, რომ ძალიან მაგრად შეიყვარებთ ამ სიმღერას.
აქვე გეტყვით, რომ 21 აგვისტოდან კიდევ გაგრძელდება ჩვენი კონცერტები.
რომელია თქვენს შემოქმედებაში ისეთი სიმღერა, რომელმაც განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა და რომელიც თქვენთვის გამორჩეულია?
ნინი: ალბათ, მაინც ნინი და „ქუჩის ბიჭები“, რადგან ახლა, საკმაოდ დატვირთული კონცერტები გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ 26 წელი გავიდა ნინის და „ქუჩის ბიჭების“ მერე, ზუსტად ისევ ისე ელოდება ამ სიმღერას მსმენელი და ზუსტად ისევ ისეთი სიყვარულით უსმენს. ეს ჩემთვისაც და „ქუჩის ბიჭებისთვისაც“ განსაკუთრებული ემოციაა. მგონია, რომ ამ სიმღერამ ძალიან ბევრ წელს გაუძლო. სულ მგონია, რომ პატარებმა აღარ იციან ეს სიმღერა და თურმე, ვცდები. რეალურად, ეს სიმღერა ჩემთვის დაიწერა. სიმღერა რუსა მორჩილაძემ გააკეთა და ხათუნა და რუსა სტუდიაში რომ მივიდნენ, იქ ბიჭები დახვდნენ და იქვე გაჩნდა ერთობლივი ნამუშევრის იდეა.
ირაკლი: როგორც კი სიმღერის მელოდია მოვისმინეთ, ზუსტად ვიცოდით, როგორ უნდა გაკეთებულიყო, რა ჟანრით უნდა წასულიყო, როგორი რიტმი უნდა ჰქონოდა. ასე რომ, წინათგრძნობას არ უღალატია, 26 წელი გავიდა და ეს სიმღერა ისევ ისეთი აქტუალურია.
რაც შეეხება „ქუჩის ბიჭების“ შემოქმედებას, უპირობოდ ერთი სიმღერა რომ დავასახელო, ძალიან გამიჭირდება. როცა ჯგუფის რეპერტუარს ეხება საქმე, გამიჭირდება, რომ ობიექტურად შევაფასო, თუმცაღა მაინც დავასახელებ „მიყვარხარს“.
ჩვენ რომ მართლა გვგონია, რომ უფრო წინა თაობის ვართ, ახლა სხვა ამბავი და სხვა გემოვნებაა, კონცერტებიდან გამომდინარე, ასე არ არის, დიდიან-პატარიანად ყველა მღერის ამ სიმღერებს. ეს პირდაპირ იმის ინდიკატორია, რომ ეს ნამუშევრები კიდევ აქტუალურია.