საფრანგეთის იმპერატორის 100-მდე ნივთს აუქციონზე გაყიდიან. ნაპოლეონ ბონაპარტთან დაკავშირებული უნიკალური კოლექცია sotheby’s აუქციონზე იქნება გამოტანილი.
ლოტებს შორისაა ფაიფური, სუფრის ვერცხლი, ავეჯი, ნახატები, ჩანახატები, იმპერატორის კორონაციის დროს გამოყენებული ხმალი და თავად ნაპოლეონის რამდენიმე პორტრეტი. ეს ნივთები კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა და მათ შეგროვებას მან 40 წელი მოანდომა.
გამორჩეული ლოტია ნაპოლეონის ქუდი, რომელიც 500-დან 800 ათას ევრომდეა შეფასებული. ასევე მისი ოქროს ბეჭედი, რომლის საწყისი ფასიც 150-250 ათას ევროს შეადგენს.
კოლექციის სრული სიის ნახვა აუქციონის სახლის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი და თითოეული ნივთის ღირებულებაც იქვეა აღნიშნული.




