LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალი პორტმანი, ქეით უინსლეტი, მიშელ პფაიფერი და სხვები – როლისთვის გაწეული უდიდესი მსხვერპლი და საოცარი გარდასახვა

703
148839429-2847141948896165-2877721069011176744-n

იყო მსახიობი –  ეს დიდი შრომაა. თუკი წითელ ხალიჩაზე ქალი ვარსკვლავები სილამაზისგან ბრწყინავენ, კამერების წინ მათ უდიდესი გარჯა უწევთ – თმის შეღებვა, თავის გადაპარსვა, წონაში დაკლება და ზოგჯერ მომატებაც კი, საათობით ერთი და იგივე სცენის გათამაშება, თანაც გრიმით და ეს ყველაფერი როდია…

გთავაზობთ მსახიობების ჩამონათვალს, რომლებმაც როლისთვის უდიდესი მსხვერპლი გასწიეს და საბოლოოდ საოცარი გარდასახვით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას. 

ვიქტორ ჰიუგოს რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში „საბრალონი“ ენ ჰეთევეიმ მოირგო ქალის როლი, რომელმაც თმა და კბილები გაყიდა იმისთვის, რათა შვილი გამოეკვება. აღნიშნული როლისთვის მსახიობმა 10 კილო დაიკლო და თმა გადაიპარსა. საბოლოოდ მან „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ჯილდოც მოიპოვა – ალბათ მსხვერპლი ამად ღირდა.

დემი მურმა ფილმისთვის „რიგითი ჯეინი“ არამხოლოდ თმა გადაიპარსა, არამედ აქტიურად ვარჯიშობდა კიდეც და წვრთნებს ჯარისკაცებთან ერთად გადიოდა. „შემეძლო კასკადიორის მომსახურეობა გამომეყენებინა, თუმცა გადავწყვიტე ბოლომდე გამეთავისებინა, თუ რისი გავლა უწევთ ჯარისკაცებს“ , – განაცხადა მურმა.

არა, გვინეტ პელტროუს ათობით კილოგრამი ნამდვილად არ მოუმატებია, თუმცა ფილმისთვის „სიყვარული ბოროტია“ მსახიობმა სპეციალურად შექმნილი კოსტიუმი მოირგო, სახეზე კი გრიმი გაიეკეთა. მისი განცხადებით, ასეთი კამუფლიაჟით საათობით კამერების წინ მუშაობა საკმაოდ რთული იყო.

ჰილარი სუონკი ფილმისთვის „გოგონა მილიონ დოლარად“ სპეციალურ ცილოვან დიეტაზე იჯდა. მან სამ თვეში 10 კილო მოიმატა და საოცარ ფიზიკურ ფორმაშიც ჩადგა. ის მოკრივეებთან ხანგრძლივ წვრთნებს გადიოდა. საბოლოოდ აღნიშნული როლისთვის მსახიობმა ოსკარის ჯილდო მოიპოვა.

რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა, მსახიობმა, რუნი მარამ და ვიზაჟისტმა, ფილმის, „გოგონა დრაკონის ტატუთი“ გადაღებების დაწყებამდე საგრიმიოროში 2 დღე გაატარეს. ისინი დიდ ხანს მსჯელობდნენ მთავარი გმირის ვიზუალზე. საბოლოოდ შეჭრილ თმას, გაუფერულებულ წარბებს, ტატუსა და მრავალრიცხოვან პირსინგებს სახეზე, მკერდზე საყურეც დაუმატეს. თუმცა ეს არ იყო ხრიკი, მარამ მართლაც გაიხვრიტა ძუძუს თავები, გადაღებების შემდეგ კი საყურეები მოიხსნა.

მიშელ პფაიფერმა ფილმში „ვარსკვლავური ფერფლი“ საოცარი გარდასახვა შემოგვთავაზა. მან მოხუცი ალქაჯის როლი მორგო. როგორც თავად ჰყვება ამისთვის საგრიმიოროში საათობით ერთ ადგილზე გაშეშებული ჯდომა უწევდა.

ნატალი პორტმანი გარდასახვების ოსტატია, ფილმისთვის „V ნიშნავს ვენდეტას“ მსახიობმა თავი სრულად გადაიპარსა. საოცარი სახეცვლილება წარმოადგინა ვარსკვლავმა ფილმში „გოიას მოჩვენება“, აქ მან ესპანური ინკვიზიციის მსხვერპლი ქალის როლი მოირგო. მაშინ პორტმანი სულ რაღც 25 წლის გახლდათ.

რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“ 20 კილო მოიმატა, აღნიშნული დავალება მსახიობმა 2 თვეში შეასრულა, როგორც თავად ყვება ის მთელი დღის განმავლობაში ბურგერებს მიირთმევდა. აღსანიშნავია, რომ ჩვეული წონა მსახიობმა გადაღებების დასრულების შემდეგ მალევე დაიბრუნა.

14 კილოგრამის მომატება დასჭირდა უმშვენიერეს შარლიზ ტერონს ფილმისთვის „მონსტრი“, მსახიობმა სერიული მკვლელის როლი მოირგო. მსხვერპლი დაუფასებელი არ აღმოჩნდა, ტერონი აღნიშნული როლისთვის „ოსკარისა“ და „ოქროს“ გლობუსის მფლობელი გახდა.

და ბოლოს, „ტიტანიკის“ ვარსკვლავმა, ქეით უინსლეტმა ფილმისთვის „მკითხველი“ საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის „ოსკარის“ ჯილდო დაიმსახურა. ვიზაჟისტების ოსტატობის წყალობით 34 წლის უინსლეტი გაცილებით ასაკოვან ქალბატონს დაემსგავსა.