„ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განწირული წარუმატებლობისთვის. იგივე ადამიანები, არაევროპული სახეები, წარმატების პერსპექტივა ამ პროექტს არ აქვს. უკვე ჩავარდნილია. მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ. რეალურად სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებული დოკუმენტი „ქართული ქარტია” შეაფასა.
პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საზოგადოებას, „ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია“ შესთავაზა.
„გახსოვთ, ასეთი პროექტი ადრეც არსებობდა, მას უწოდებდნენ ნათელაშვილის ფანჩატურს, ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა ახლა სალომე ზურაბიშვილმა. ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განწირული წარუმატებლობისთვის. იგივე ადამიანები, არაევროპული სახეები, წარმატების პერსპექტივა ამ პროექტს არ აქვს. უკვე ჩავარდნილია. მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ. რეალურად სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი. სხვა არაფერი შეიძლება, ეწოდოს იმ სიას, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ მოთავსდა ერთ ქვაბში, სადაც პრინციპში ისედაც იყო მოთავსებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ქარტია” არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა:
„სალომე ზურაბიშვილს თუ უნდოდა ჩვენი გაწევრიანება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რა თქმა უნდა, ეს იყო სრულიად უპერსპექტივო ამოცანა. რაც შეეხება გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი ე.წ. ქარტიაში, ეს არის რეალურად სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, თითოეული პუნქტი, რომელიც არის წარმომადგენილი ე.წ. ქარტიაში არის სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. უცხოელი აგენტები როდესაც აფორმებენ გარკვეულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, მათი ერთადერთი ამოცანა შეიძლება, იყოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოშლა და ზუსტად ამას ასახავს ქარტია, რომელიც არის წარმოდგენილი“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.