მომღერალი ნათია თოდუა ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს გამოვლილი მძიმე დღეების შესახებ, როგორც დევნილი და ასევე იმ სინათლის სხივზე, რომელიც მის ცხოვრებაში შვილის გაჩენამ შეიტანა. „30 წლის ვარ და ვფიქრობ, რამდენი რამე გამოვიარე. სწორედ ამ ყველაფერმა ჩემში მებრძოლი ადამიანი ჩამოაყალიბა, რომელმაც გადაწყვიტა, ყველაფერი ნულიდან აშენებინა…“, ამბობს მომღერალი.
ნათია თოდუა:
ბავშვობა გალის რაიონში გავატარე. რატომღაც მგონია, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს სოფელში ვიყავი… ყველაფერი, რაც კარგი მაქვს, იქ ჩამომიყალიბდა…
ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა თბილისში ჩამოსვლა, რადგან იქ ცუდი საცხოვრებელი პირობები გვქონდა. ჩემს მშობლებს სამი შვილი ჰყავდათ და ელემენტარული პირობები არ გვქონდა. ექიმთან წასვლა რომ დაგვჭირდებოდა, ზუგდიდიდან გადმოსვლა ძალიან გვიჭირდა. ენგურის გადაცურვა გვიხდებოდა, მთელი სირთულეები უნდა გაგვევლო, ამიტომ რაღაც პერიოდი თბილისში ვცხოვრობდით.
ნათია თოდუა ამბობს, რომ შვილის დაბადებით ერთი მნიშვნელოვანი რამ გაიაზრა:
„მეგონა, რომ კარიერისტი ვიყავი, მაგრამ ჰუგომ ყველაფერი შეცვალა. სცენაზე სულ სხვა ადამიანი ვარ, ოჯახში – აბსოლუტურად სხვა. შვილი რომ გავაჩინე, გადავწყვიტე, ძიძის გარეშე გამეზარდა. უფრო ქართველი დედა ვარ, ვიდრე გერმანელი. ძალიან დიდ დროს ვუთმობ შვილს და მის აღზრდას…“
