„მეგობრებო, დიდი სიხარულით გიზიარებთ ჩემს ახალ წამოწყებას! ❤️
ჩემი სუნამო უკვე მზადაა და ძალიან მალე გავხსნით წინასწარ შეკვეთებს!
სურნელი განსაკუთრებულია – ელეგანტური, დახვეწილი და ექსკლუზიური, ჩემს სტილზე მორგებული.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონებათ!..“, აღნიშნავს ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში და თავის პირველ სუნამოსაც გვიზიარებს.
მომღერალი ახალ წამოწყებაზე fortuna.ge-ს ესაუბრება.
მეგობრებო, დიდი სიხარულით გიზიარებთ ჩემს ახალ წამოწყებას! ❤️ ჩემი სუნამო უკვე მზადაა და ძალიან მალე გავხსნით…
Posted by Nino Chkheidze on Tuesday, December 9, 2025
ნინო ჩხეიძე:
სულ მინდოდა, რომ გამეკეთებინა ჩემი პროდუქტი სილამაზის კუთხით. საქართველოში უკვე ბევრია, ვისაც მსგავსი მიმართულებით თავისი ხაზი აქვს. მინდოდა, ჩემი პირველი მცდელობა ამ მხრივ პარიზთან და სილამაზესთან ყოფილიყო ასოცირებული. გადავწყვიტე, შემექმნა სუნამო და მნიშვნელოვანი იყო, რომ პარიზში ყოფილიყო ჩამოსხმული. ეს არის ძალიან ძველი ქარხანა „ფანუჟი“, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. სწორედ ამ სუნამოს სახლს დავუკვეთე ჩემი პირველი სუნამოს ჩამოსხმა. ამ დღეებში გაგიზიარებთ ჩამოსხმის ვიდეოსაც. საქართველოდან დავუკვეთე, თუმცა ვგეგმავ წასვლას და შეხვედრას მათ წარმომადგენელთან. იანვარში, ვაპირებ გრანდიოზული პრეზენტაცია გავაკეთო და მოვიწვიო მათი წარმომადგენელიც.
ძალიან მინდოდა, რომ სუნამო ახალ წლამდე გამომეშვა. წელიწადია, რაც ამ სურნელის შექმნაზე ვმუშაობთ. ბევრი დეტალი დავამუშავეთ და დიდი გზა გავიარეთ. მინდოდა, რომ 2025 წელს გამომეშვა და შევძელი კიდევ… 20 დეკემბრიდან მსურველები მის შეძენას სპეციალურად შექმნილ საიტზე შეძლებენ.

შექმნის პროცესზე მოგვიყევი…
ძალიან მიყვარს სუნამოები, ნიშბრენდები, მაქვს ბევრნაირი სუნამო. მინდოდა, ჩემი შექმნილი სურნელი ჩემს ხასიათთან ყოფილიყო ახლოს. ზოგს მძაფრი სუნამო მოსწონს, ზოგს – ტკბილი, ეს კი კომფორტული სურნელია, რომელიც ქალს კარგ განწყობასა და სინაზეს მოუტანს. რაც უნდა არ ჯდებოდეს მის გემოვნებაში, მაინც არ შეაწუხებს. მინდოდა, ყოფილიყო ნაზი, ქალური, კომფორტული…
ვინ დაგეხმარა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში?
გიორგი (ნინო ჩხეიძის მეუღლე – ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი. ავტ.შენ.) დამეხმარა ძალიან ამ ამბავში, კომუნიკაციები იქნებოდა თუ სხვა საკითხები, დეტალურად ჩართულია და ჩემი კომპანიონია, თუმცა წილს არ ფლობს. ნახევარზე მეტი საქმე გიორგის ჩართულობით გაკეთდა. თავიდან ვთქვი იდეა და მერე თავი დავანებე ისევე, როგორც როგორც სიმღერის შემთხვევაში. გიორგიმ ჩემი კარიერის დაწყებაშიც თავის დროზე დიდი როლი ითამაშა და ახლაც, ისე მოხდა, რომ სულ მახსენებდა, აბა, რას შვრებიო. ერთად ვესაუბრეთ სხვადასხვა ქარხანას პარიზსა თუ მონაკოში. გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, ერთად ვიმუშავეთ და გამოგვივიდა…
როგორც ჩანს, ძალიან მოტივირებული და შთაგონებული ხარ ახალი საქმით…
ასეა, ძალიან მომწონს, ასე იყო, სიმღერა როცა დავიწყე. ვიყავი ძალიან ჩართული და მოტივირებული. ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს ახლაც, მსიამოვნებს ეს წამოწყება.
მართალია, რომ ახალი წამოწყების აღსანიშნავად სიმღერაც დაწერე?
მართალია… ჩემს პირველ პარფიუმს დავუწერე სიმღერა, ფრანგულ მოტივებზე. ამ დღეებში დავდებ ინტერნეტში, აიტვირთება ყველა პლატფორმაზე. ჩემი სილამაზისა და შემოქმედების ნაზავი მინდა გავაკეთო, გლამურული ელფერით. ადრე პარიზში ვცხოვრობდი ორი თვე, მქონდა ფრანგული სიმღერების პროექტი, რომელთა მელოდიებიც თავად დავწერე. რატომღაც ვერ განვახორციელე ეს იდეა და ახლა გამახსენდა, რომ ეს პროექტი არსებობს…
აპირებ ამ კუთხით ბიზნესის განვითარებას?
მამაკაცის ხაზის შექმნას ვაპირებ 2026 წელს, თუმცა მანამდე ვეცდები, ჩემი პირველი სუნამო გავაცნო საზოგადოებას.
